ახალი ამბები

არჩევნებზე დისტანციურ ხმის მიცემას არ დავუშვებთ, საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის — მდინარაძე

28 ნოემბერი, 2023 • 818
არჩევნებზე დისტანციურ ხმის მიცემას არ დავუშვებთ, საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის — მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებზე დისტანციურად ხმის მიცემას არ დაუშვებენ.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დისტანციურად ხმის მიცემის უფლებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ჰაკერული თავდასხმისა და მანიპულაციის რისკი არსებობს.

„ნაცები და მათი კლასტერი სპეციალურად ერთმანეთში ურევენ ელექტრონულ და დისტანციურ არჩევნებს. ყველას მიერ მოწონებულ მოდელს, როცა ელექტრონული ხმის დათვლის აპარატი ქსელშიც კი არ არის ჩართული, ამაზე უნდათ დაამატონ ელექტრონული იმგვარი ხმის მიცემა, რომელიც ამავდროულად იქნება დისტანციური. ჩვენ რომ ასობით ათასი ემიგრანტი გვყავს რუსეთში, აშშ-ში, ევროპაში, ჩინეთში თუ სხვაგან, თითქმის 2 მილიონ ადამიანზეა საუბარი, ეს ხალხი უნდა აღვჭურვოთ უფლებით, დისტანციურად იყოს დაშვებული ხმის მიცემა“, — ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, „ერთი პატარა ჰაკერული თავდასხმა“ საკმარისი იქნება არჩევნების შედეგების ამოსაყირავებლად.

„ესენი საუბრობენ, რომ თურმე უცხოეთიდან, მათ შორის, რუსეთიდან, დისტანციურად მისცენ ხმა ადამიანებმა, ეს თურმე პრობლემა არ არის და იმ აპარატთან დაკავშირებით, რომელიც ქსელზეც კი არ არის შეერთებული, ეჭვებს გამოთქვამენ. რამხელა აცდენა აქვთ ლოგიკაში და რამხელა მანიპულაციის შესაძლებლობის დაშვება უნდათ. დისტანციური არის აბსოლუტურად გამორიცხული. კატეგორიულად გამორიცხულია, ამაზე ვერ წავალთ.

ერთადერთი, მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ემიგრანტი მივიდეს იმ უბნებზე, რომლებიც არის, აპრობირებულია და იქ მისცემენ ხმას, თითო ხმა იქნება უზრუნველყოფილი, რომ აისახოს, მაგრამ დისტანციურს, რასაც ელექტრონულს სპეკულაციურად უწოდებენ, არ დავუშვებთ, რადგან უდიდესი საფრთხეა ჰაკერული თავდასხმის და მანიპულაციის“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი