ახალი ამბები

ორბანმა და შარლ მიშელმა შეხვედრა გამართეს

28 ნოემბერი, 2023 • 1178
ორბანმა და შარლ მიშელმა შეხვედრა გამართეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შედგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა.

შეხვედრა ეხებოდა ორბანის პოზიციას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე – იგი საკმაო ხანია ამის წინააღმდეგ გამოდის.

თავად ორბანის თქმით, შეხვედრა „სასარგებლო“ იყო. მიშელმა თქვა, რომ ბუდაპეშტში კონსულტაციებისთვის იყო ჩასული და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მთავარი ძალა სწორედ ერთობაა, რომლის შენარჩუნებაც მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. ფრანგული AFP აღნიშნავს, რომ შეხვედრა ორი საათი გაგრძელდა.

კონკრეტულად რის შესახებ ისაუბრეს და თუ მივიდნენ შეთანხმებამდე ორბანი და მიშელი, უცნობია.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვით იმუქრებოდა და ამბობდა, რომ ბლოკის წევრები ჯერ უნდა შეთანხმდნენ გაფართოების პროცესის მომავალსა და უკრაინასთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიაზე.

როგორც „გარდიანი“ იტყობინება, უნგრეთის პრემიერმა შესაბამისი წერილი მისწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.

ორბანი წერს, რომ ევროპული საბჭო ვერ შეთანხმდება გაფართოებაზე, სანამ არ შედგება კონსენსუსი უკრაინასთან დაკავშირებით მომავალ სტრატეგიაზე.

„უნდა გვქონდეს გულწრფელი და ღია დისკუსია უკრაინაში ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც ახლა მდგომარეობს უკრაინის სამხედრო გამარჯვების, რუსეთის სამხედრო დამარცხების და უკანასკნელში ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებების მიღწევაში. მივიჩნევთ კი, რომ ეს მიზნები რეალისტურია?“, – ნათქვამია მის წერილში.

„პოლიტიკოს“ თანახმად, ამავე წერილში უნგრეთის პირველი პირი ხაზს უსვამს, რომ არ შეიძლება გადაწყვეტილება იყოს მიღებული გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, უკრაინის დახმარებაზე ან რუსეთის სანქცირებაზე მანამ, სანამ მისი მოთხოვნილი დისკუსია არ შედგება. იგი აგრეთვე კითხულობს, რამდენად მართებულია უკრაინის მხარდაჭერა იმ შემთხვევაში, თუ აშშ კიევის დახმარებას შეაჩერებს.

უნგრეთს, ისევე, როგორც ევროკავშირის ნებისმიერ წევრს, შეუძლია უკრაინის თუ სხვა ქვეყნის მიმართ მისაღები გადაწყვეტილება დაბლოკოს. ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ამ და სხვა საკითხებზე, მათ შორის, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა შედგეს 14-15 დეკემბერს.

ამავე დროს, მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი და უკრაინული მხარის ერთ-ერთი ცნობილი სპიკერი, ამბობს, რომ ორბანი რეალურად უკრაინას არ ებრძვის.

„იგი იყენებს უკრაინის თემას, მაგრამ მას თავისი ურთიერთობა აქვს ევროპულ კომისიასთან – სურს მიიღოს კონკრეტული უპირატესობები რაღაც მიმართულებებით“, – ამბობს იგი.

„გარდიანი“ წერს, რომ ეს „უპირატესობები“, ანუ ორბანის ინტერესი, უკავშირდება მის სურვილს, უნგრეთმა მიიღოს დაფინანსება 30 მილიარდი ევროს ოდენობით, რომელიც ბრიუსელმა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გაყინა.

ბუდაპეშტის ასეთი პოზიცია, ორბანის თქმით, არაა განპირობებული ევროკავშირის ფინანსური პოლიტიკით და ბრიუსელის მიერ უნგრეთისთვის თანხების არგამოყოფით, როგორც არაერთი მედიასაშუალება თუ ანალიტიკოსი მიიჩნევს. შესაბამისად, ამ საკითხის მოგვარებაც ვერ იქონიებს გავლენას უნგრეთის პოზიციაზე, ამბობს იგი.

როგორც „როიტერსი“ აღნიშნავს, ბუდაპეშტი მიიჩნევს, რომ უკრაინის კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ იქ მცხოვრები 150 000 უნგრელის უფლებებს არღვევს, განსაკუთრებით მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მხრივ, და არ შეცვლის პოზიციას, სანამ უკრაინა ამ კანონს არ შეცვლის. კანონის თანახმად, ბავშვებმა სკოლებში განათლების 70% მაინც უკრაინულად უნდა მიიღონ.

უკრაინის ევროინტეგრაციის მინისტრის, ოლჰა სტეფანიშინას თქმით, უმცირესობათა უფლებები უკრაინაში ადეკვატურადაა დაცული, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი უნგრეთის წარმომადგენლებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი