ახალი ამბები

ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი ორი დღით გახანგრძლივდა

27 ნოემბერი, 2023 • 1481
ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი ორი დღით გახანგრძლივდა

ისრაელსა და ჰამასს შორის ზავი ორი დღით გახანგრძლივდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. კატარი, ეგვიპტესთან ერთად, მხარეებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს შუამავლობს.

Reuters-ის ინფორმაციით, ზავის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ჰამასმა, ისრაელის ოფიციალურ პირებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოა, რომ ზავის განმავლობაში ისრაელი და ჰამასი კიდევ ერთხელ გაცვლიან ტყეებს.

ზავს გახანგრძლივების საჭიროებაზე ისაუბრა დღეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმაც.  ბარსელონაში, ხმელთაშუა ზღვის მე-8 რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ბორელმა განაცხადა, რომ ზავის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია როგორც ღაზის მოსახლეობის ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე კონფლიქტის გადაწყვეტის პოლიტიკური შესაძლებლობების შესაფასებლად.

აქამდე არსებული შეთანხმებით, 4-დღიანი ზავი ხვალ, 28 ნოემბერს სრულდებოდა.


ისრაელმა “ჰამასს” ომი 7 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ტერორისტული ორგანიზაცია ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან შეიჭრა და განურჩევლად დახოცა 1200-ზე მეტი ადამიანი, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის არიან ბავშვები, მოხუცები, ქალები და შშმ პირები. გარდა ამისა, 200-ზე მეტი ადამიანი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. ისრაელი ამბობს, რომ მოკლულთა დიდ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

ისრაელმა ღაზის სექტორის, ფაქტობრივად, შეუჩერებელი დაბომბვა და მოგვიანებით კი სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. “ჰამასის” მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის დაბომბვებს 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ასევე გაერო და მისი სააგენტოები ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას „კატასტროფულს“ უწოდებენ და ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, ასევე სრული ბლოკადის მოხსნას და იქ საკვებისა და საწვავის შეტანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი