ახალი ამბები

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა“ — განცხადება

25 ნოემბერი, 2023 • 1007
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა“ — განცხადება

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

ისინი ქალთა მიმართ არსებული სხვადასხვა სახის ძალადობის აღმოფხვრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს — დაწყებული სექსუალური შევიწროებით და ძალადობით, ბავშვთა ქორწინებითა და ფემიციდით დამთავრებული.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი სამიდან დაახლოებით ერთ ქალს მაინც განუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა თუნდაც ერთხელ, უმეტეს შემთხვევაში, თავისი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

განცხადების ავტორების შეფასებით, საქართველოში ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობა კვლავაც კრიტიკულ პრობლემად რჩება მიუხედავად წინგადადგმული გადადგმული ნაბიჯებისა.

„ასეთი ძალადობა სათავეს გენდერული უთანასწორობიდან იღებს და, თავის მხრივ, ქალების და გოგოების მიმართ დისკრიმინაციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შედეგად კი ჩვენი საზოგადოება ნაკლებად მშვიდობიანი და სამართლიანია, ხოლო ჩვენი ეკონომიკა – ნაკლებად წარმატებული.

ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა კანონმდებლობის გაძლიერება და აღსრულება, ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი პოლიტიკის განხორციელება, და ძალადობის მსხვერპლთა სრული დაცვა და მხარდაჭერა“, — აცხადებენ მიმართვის ავტორები და დასძენენ, რომ აუცილებელია, არც ერთი მოძალადე არ დარჩეს დაუსჯელი.

„ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევა და აღმოფხვრა, რადგანაც ამგვარი ძალადობა ხელს უშლის ქალებს იყვნენ პოლიტიკურად აქტიურნი და ეფექტური წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა და შევიწროება თავიანთ საარჩევნო კამპანიის, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ ხშირად გამოიყენება სექსისტური სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში; ქალებს აკრიტიკებენ, გენდერული იდენტობის, გარეგნობის, ჩაცმულობის, ინტელექტუალური შესაძლებლობების და მორალისტური პრიზმით“, — აღნიშნულია დღეს, 25 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ სახედ რჩება ეკონომიკური ძალადობა, რომელიც მსხვერპლს აიძულებს დარჩეს მოძალადესთან.

მათივე აზრით, ასევე გამოწვევად რჩება ანაზღაურებებს შორის გენდერული სხვაობის შემცირება, 4 ფინანსურ რესურსებზე, მემკვიდრეობის უფლებებზე, დასაქმების შესაძლებლობებზე, შრომის უხილავ და აუნაზღაურებელი ზრუნვის აღიარებასა და გადანაწილებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. ბავშვთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მოზარდებისთვის ხელსაყრელი ჯანდაცვის სერვისები ასევე უმნიშვნელოვანესია გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, და მედიას მოვუწოდებთ, რომ სამომავლოდ ქალთა გაძლიერებისთვის იმოქმედონ, რათა მათ სრულად და თანასწორად მიიღონ მონაწილეობა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ძალადობის ან შევიწროების შიშის გარეშე,“ — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში;
  • ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია;
  • ნატოს სამეკავშირეო ოფისი;
  • ავსტრიის საელჩო;
  • ახალი ზელანდიის საელჩო;
  • ბელგიის საელჩო;
  • გაერთიანებული სამეფოს საელჩო;
  • გერმანიის საელჩო;
  • დანიის საელჩო;
  • ესპანეთის საელჩო;
  • ესტონეთის საელჩო;
  • ირლანდიის საელჩო;
  • იტალიის საელჩო;
  • კანადის საელჩო;
  • ნიდერლანდების საელჩო;
  • ნორვეგიის საელჩო;
  • პორტუგალიის საელჩო;
  • რუმინეთის საელჩო;
  • საბერძნეთის საელჩო;
  • საფრანგეთის საელჩო;
  • სლოვაკეთის საელჩო;
  • სლოვენიის საელჩო;
  • ფინეთის საელჩო;
  • შვედეთის საელჩო;
  • შვეიცარიის საელჩო;
  • ჩეხეთის საელჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი