ახალი ამბებისაზოგადოება

რა პასუხი მიიღო ნეტგაზეთმა უეფასგან კვარაცხელიას ყვითელ ბარათებზე

20 ნოემბერი, 2023 • 23039
რა პასუხი მიიღო ნეტგაზეთმა უეფასგან კვარაცხელიას ყვითელ ბარათებზე

ხვიჩა კვარაცხელია საფრთხის წინაშეა, გამოტოვოს მარტში, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა – ყვითელი ბარათების გადამეტებით მიღებული დისკვალიფიკაციის გამო.

გუშინ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ჯგუფში გამართულ შეხვედრაში კვარაცხელიამ რიგით (ჯამში) მესამე ყვითელი ბარათი [გაფრთხილება] მიიღო, რაც უეფას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.02 მუხლის ა) პუნქტის თანახმად გულისხმობს დისკვალიფიკაციას შემდეგ გასამართ მატჩში.

თუმცა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი პლეი-ოფის საგზური საქართველომ სხვა ტურნირის, ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების საფუძველზე მოიპოვა, არსებობს მოსაზრება, რომ ზემოხსენებული დათქმა საქართველოზე არ უნდა გავრცელდეს და კვარაცხელიას მიერ საკვალიფიკაციო რაუნდში დაფიქსირებული დისკვალიფიკაცია პლეი-ოფზე არ უნდა გადაჰყვეს.

პლეი-ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში კვარაცხელიას მონაწილეობის საკითხის დასაზუსტებლად „ნეტგაზეთმა“ უეფას მიმართა.

ორგანიზაციის პრესსამსახურმა წერილობით პასუხში მიგვითითა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლზე, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – „ნეტგაზეთი“], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“.

უეფა თავის პასუხში დეტალებში არ შესულა და არ უთქვამს გადაჭრით, აქვს თუ არა კვარაცხელიას პლეი-ოფის პირველ მატჩში თამაშის უფლება, მაგრამ ვინაიდან კვარაცხელიას გაფრთხილებებს, წესების თანახმად, მოჰყვა დისკვალიფიკაცია, გამოდის, რომ მას, როგორც ჩანს, მოუწევს პლეი-ოფის მატჩის გამოტოვება. მისი ბარათები ანულირდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ იქნებოდა საკმარისი დისკვალიფიკაციისთვის, მაგალითად, 2 ჯამური ყვითელი ბარათის შემთხვევაში.

ამის შემდეგ ნეტგაზეთმა უეფას კვლავ მიმართა, ამჯერად უფრო კონკრეტული კითხვით და დამატებითი დაზუსტება ითხოვა იმ საკითხის, რომ საქართველომ პლეი-ოფში ადგილი ერთა ლიგის გათამაშების გავლით მოიპოვა და არა საკვალიფიკაციო რაუნდით და ეს წესი შეეხება თუ არა მასაც. ამ საკითხზე უეფას ჯერჯერობით დამატებითი პასუხი აღარ მოუწერია.

ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რომლის პრესსამსახურთან დაკავშირებას უშედეგოდ ვცდილობთ. კვარაცხელიას გარდა, მესამე ყვითელი ბარათის მიღების და პოტენციურად პლეი-ოფის ნახევარფინალის გამოტოვების რისკის ქვეშ ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი ჩაკვეტაძეც იყო, რომელმაც აგრეთვე ითამაშა ესპანეთის წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი