ახალი ამბები

ეროვნული ბანკის გაუქმება, ევროზე გადასვლა, უფასო „ინვიტრო“ – რაზე ისაუბრა სააკაშვილმა

20 ნოემბერი, 2023 • 4588
ეროვნული ბანკის გაუქმება, ევროზე გადასვლა, უფასო „ინვიტრო“ – რაზე ისაუბრა სააკაშვილმა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოსვლისას, წარმოადგინა თავისი ხედვა სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებით და დაასახელა მთავარი პრინციპები მანიფესტისა, რომელსაც მისი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის წლისთავზე გამოაქვეყნებს.

სააკაშვილმა დიდი ყურადღება გაამახვილა მედიცინის სექტორზე და მასში დასაქმებული პირების ანაზღაურების ზრდის საჭიროებაზე. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ექიმებმა, სულ მცირე, 1000 ევრო უნდა გამოიმუშაონ, უმცროსმა სამედიცინო პერსონალმა კი – 1500 ლარი. ამასთან ერთად, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონში „სამედიცინო ტურიზმის ჰაბი“ საქართველო უნდა იყოს და არა თურქეთი. „თურქეთმა როგორ უნდა გვაჯობოს?!“, – კითხულობს იგი.

სააკაშვილმა აგრეთვე ისაუბრა მიგრაციაზე – აღნიშნა, რომ ახლანდელი ემიგრაცია ქვეყნიდან ძალიან მაღალია, ხოლო საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების შემოდინება უკონტროლოა და უნდა შეჩერდეს – მათ შორის, გაუქმდეს რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვები.

გამოსვლაში სააკაშვილი ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო და ორი ინიციატივით გამოვიდა: ეროვნული ბანკის გაუქმება და ლარიდან ევროზე გადასვლა. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს ზედმეტი ბიუროკრატიული სტრუქტურები.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ მანიფესტის სხვა მთავარ პრინციპებს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა დაასახელა, ესენია:

  • მერიტოკრატიაზე [დამსახურებებზე], და არა „ჩაწყობებზე, დაფუძნებული სისტემა“;
  • უარის თქმა ნებისმიერ ოლიგარქიაზე, რომელიც არის „ქვეყნის და მოქალაქეების მტერი“;
  • მთავარ ამოცანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახვა;
  • შობადობის სტიმულირება – „ინვიტრო“, ანუ ხელოვნური განაყოფიერების უფასოდ შეთავაზება, მე-2/3 შვილზე – ფინანსური სტიმულირება;
  • შრომის სტიმულირება და ავტომატური, თუმცა არა სავალდებულო გასვლა პენსიაზე 60 წლიდან.

გარიყული თანამებრძოლები პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდნენ — სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი