ახალი ამბები

გარიყული თანამებრძოლები პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდნენ — სააკაშვილი

20 ნოემბერი, 2023 • 1106
გარიყული თანამებრძოლები პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდნენ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას საკუთარ თავზე იღებს.

სააკაშვილის თქმით, პოლიტიკურ საბჭოში უნდა დაბრუნდნენ იქიდან გარიყული ადამიანები.

„ლევან ხაბეიშვილი წარმოუდგენლად კარგად მუშაობს და აგებს რეგიონულ ორგანიზაციებს. 23 ნოემბერს გვაქვს ჩვენი მანიფესტის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეცდომა, თუკი იქნა დაშვებული, აღმოფხვრილი იყოს. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ ჯერ ერთი, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს პოლიტიკურ საბჭოში. მე ვიღებ ჩემს თავზე პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. მე ვიღებ ჩემ თავზე ხელმძღვანელობას და იმას, რომ რეინტეგრაცია მოახდინონ პარტიაში და პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ცვლილებები მოჰყვა თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის არჩევას. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, კობა ნაყოფია და სხვები ახალი პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩნენ, ნაწილმა კი საბჭო თავად დატოვა.

სააკაშილის თქმით, პოლიტსაბჭოში უნდა დაბრუნდეს ის ხალხი, ვინც „ნაჩქარევად გაყვანილ იქნა“. მან დაასახელა კონკრეტული გვარებიც: ნიკა ვაჩეიშვილი, ეკა წამალაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გია ჭანტურია, რუსიკო ცირეკიძე, მაიკო ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, კობა ხაბაზი, კობა ნაყოფია…

სააკაშვილმა მათ მოუწოდა, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში და თქვა, რომ ეს კიდევ უფრო ლეგიტიმურს გახდის პოლიტსაბჭოს, რომელიც დღესაც ლეგიტიმურია. ამასთან, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ლევან ხაბეიშვილი და პეტრე ცისკარიშვილი ლეგიტიმურად არიან თანამდებობებზე არჩეული.

„მე ვიქნები ამის გარანტი, რომ [პარტიაში] არავინ დაიჩაგრება და არავინ გვერდზე არ გაიწევა გვერდზე“, — თქვა მან და გამოეხმაურა ცნობებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობის შესახებაც.

„როდესაც იძახიან არაფორმალურ მმართველობაზე, მე არაფორმალურად ვერავინ ვერ მმართავს და თუ ჩემს მმართველობაზეა საუბარი არაფორმალურად, მე ამ პირობებში აღმოვჩნდი არა ჩემი ნებით, ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიაზე და იმ ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ენმ-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელებენ.

„პრემიერ-მინისტრად დასახელება ჯერ არის ძალიან ადრე. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კიდევ რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ სიტუაციას, ვიპოვოთ ოპტიმალური კანდიდატი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, იმიტომ, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის და არა — საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ. პარტიის ყველა წევრმა ხმა უნდა მისცეს საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს“, — განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებზე და თქვა, რომ როდესაც საქართველოში სიტუაცია შეიცვლება, პირველ რიგში უნდა გაუქმდეს ეროვნული ბანკი და საქართველოს ეკონომიკა გადავიდეს ევროზე. მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს „ერთი გადასახადის ქვეყანა“. ხოლო პენსიაზე 20%-იანი დანამატი ჰქონდეს მათ, ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად განაგრძობს მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი