ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბას თქმით, ოკუპაციაზე მოსაუბრე NGO-ებს აფხაზეთში შესვლას აუკრძალავენ

17 ნოემბერი, 2023 • 1891
არძინბას თქმით, ოკუპაციაზე მოსაუბრე NGO-ებს აფხაზეთში შესვლას აუკრძალავენ

აფხაზეთი აუკრძალავს შესვლას იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავენ. ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ ონლაინ კონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია “კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.

“მათთვის, ვისაც აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაფუჭება სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას ოკუპირებულ ტერიტორიად განიხილავს, ჩვენი კარი უახლოეს დროში დაიხურება”.

არძინბას განცხადებითვე, “უახლოეს დროში პრეზიდენტის განკარგულება გამოიცემა, რომელიც აფხაზეთში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულაციაში ცვლილებებს შეიტანს”.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნამუშევარ ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მათ მიმართ მუქარა გაიზარდა. არძინბა ხშირად საუბრობს არასამთავრობოების ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე და აფხაზეთში დასავლეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოს რბილ ძალაზე, რასაც მისი თქმით, არასამთავრობოები ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი