ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დაკრძალეს აფხაზეთის ომში დაკარგული და ახლა იდენტიფიცირებული 20 ადამიანი

16 ნოემბერი, 2023 • 3111
დაკრძალეს აფხაზეთის ომში დაკარგული და ახლა იდენტიფიცირებული 20 ადამიანი

1990-იან წლებში აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბოლო პერიოდში იდენტიფიცირებული 20 ადამიანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკრძალეს.

დაღუპულთა პანაშვიდები სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკარგულთა მოძიება, საქართველოში გადმოსვენება და იდენტიფიცირება წითელი ჯვრის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ოფიციალური ცნობით, ხუთი მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს გახდა შესაძლებელი. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265.

მასალების გადაბეჭდვის წესი