ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მუდმივად ვერ დაეხმარებათ ელექტროენერგიით

16 ნოემბერი, 2023 • 1962
აფხაზი მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთი მუდმივად ვერ დაეხმარებათ ელექტროენერგიით

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი და დე ფაქტო ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი აფხაზეთის ენერგეტიკაში არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა.

“2016 წლიდან ყოველწლიურად იძულებული ვართ, დეფიციტის დასაფარად რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება უზრუნველვყოთ. 2020 წლიდან 2023 წლის პირველ კვარტლამდე უკვე განხორციელდა 6 მილიარდი რუსული რუბლის ღირებულების ელექტროენერგიის მოწოდება. ეს იყო სოციალური მხარდაჭერა და აფხაზეთს მასში ფული არ გადაუხდია.

2023 წლის განვლილი პერიოდის მოხმარება 200 მილიონი კუბური მეტრით ნაკლებია 2022 წლის იმავე პერიოდზე. მოხმარების ასეთი შემცირება, თავისთავად, არაა ცუდი შედეგი, თუმცა ჩვენი მოლოდინისგან მაინც შორსაა მონაცემი. მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ჩვენ ისევ შევეჯახეთ ელექტროენერგიის დეფიციტს, რაც 900 მილიონი რუბლი ექვივალნტის იქნება. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მოწოდება კომერციულ საფუძველზე დაიწყო.

“ინტერ რაოსთან” კონტრაქტის ფარგლებში შესყიდულია 135 მილიონი რუბლის ღირებულების 30 მილიონი კვტ.სთ. ასევე შედგენილია 200 მილიონი რუბლის ღირებულების კონტრაქტიც 50 მილიონი კვტ.სთ-ის შესყიდვაზე [მოწოდების საბოლოო ღირებულება დადგინდება “ინტერ რაოსა” და “ჩერნომონერგოს” შორის დადებული აქტების შედეგად]. ენერგოდეფიციტის საკითხი დეკემბერში კიდევ გადასაჭრელია და გადაწყვეტილებები მოგვიანებით იქნება მიღებული”. 

რაც შეეხება 2024 წლის პირველი კვარტლის ენერგოდეფიციტს, ოზგანის თქმით, ნაწილი სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული, ნაწილის შესახებ კი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები განსაზღვრავს.

“ყველაზე მნიშვნლოვანი ისაა, რომ აფხაზეთის ენერგოსისტემას, ჩვენი საკუთარი თავის გარდა, არავინ არჩენს. უნდა გავიაზროთ, რომ ელექტროენერგიაა, ესაა ის საქონელი, რომლისთვისაც უნდა გადავიხადოთ. მუდმივად საკითხის გადაჭრა რუსეთიდან სოციალური დახმარების ხარჯზე არ გამოვა”.

ამასთან, 14 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მინისტრთა კაბინეტიდან რიგგარეშე განსახილველად შევიდა კანონპროექტები სამი ვარდნილი ჰიდროელექროსადგურის იჯარის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთის, ენგურზე “ვარდნილჰესი 2-ის” მიღება იჯარით რუსეთს სურს. ამჟამად ობიექტი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ხელშეკრულების თანხა კი 84 420 000 რუსულ რუბლს [1 მილიონ დოლარამდე] შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი