ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰესების გასხვისება რუსეთზე და “ქართველი დივერსანტები” აფხაზეთში

14 ნოემბერი, 2023 • 5424
ჰესების გასხვისება რუსეთზე და “ქართველი დივერსანტები” აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


მსჯელობა იმაზე, თუ ვის და რაში სჭირდებოდა “აფხაზეთში ქართველი დივერსანტების” შემოჭრის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მხოლოდ ვარაუდებით შეიძლება. აქ რამდენიმე ვარიანტზე შეიძლება საუბარი. 

8 ნოემბრის ღამით აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ “ძალოვანი სტრუქტურები გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ დაჯგუფებას ეძებენ”. აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი იყო “საქართველოდან შეჭრილ დივერსანტებზე”, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მისივე განცხადებით, “შვიდი შეიარაღებული ადამიანი ადგილობრივმა მონადირეებმა შენიშნეს”.

შესაძლოა, მონადირეების ერთმა ჯგუფმა ტყეში კარგად ეკიპირებული სხვა მონადირეები დაინახა და დივერსანტებში აერია [აფხაზეთში ნადირობის მოყვარულებს კარგი ხარისხის სამონადირეო ეკიპირების შეძენა არ გაუჭირდებოდათ]. თუმცა ის, რომ ძალოვნებმა ასეც ვერ შეძლეს დივერსანტების კვალის პოვნა, სხვა რამეზე მეტყველებს – დივერსანტები საერთოდ არ არსებობენ, და მთელი ეს ამბავი მხოლოდ სხვა მნიშვნელოვანი ამბებიდან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად იყო გამოგონილი. 

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ენერგეტიკის სფერო და რუსეთის მიერ ენგურის ვარდნილი ჰესის მიღების სურვილია, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი [ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო ობიექტების შემთხვევაში] ეწინააღმდეგება. 

რამდენიმე კვირაა, აფხაზეთი მთლიანად რუსული ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადავიდა. პირველი 12 დღის განმავლობაში, ოფიციალური ცნობით, აფხაზეთმა ამისთვის უკვე 135 მილიონი რუბლი [დაახლოებით,1.5 მილიონი აშშ დოლარი] გადაიხადა. 

ამასთან, პარლამენტის განკარგულებით აფხაზურმა ელექტროკომპანია “ჩერნომორენერგომ” რუსეთიდან ელექტროენერგიის ურზუნველყოფისთვის კიდევ 60 მილიონი რუბლი მიიღო.

ზამთარი ჯერ არ დაწყებულა და აფხაზეთს უკვე აღარ გააჩნია არც საკუთარი ელექტრონერგია და არც მის შესასყიდად სამყოფი ფული ბიუჯეტში. 

ამ მოვლენების ფონზე ცნობილი ხდება, რომ დღეს, 14 ნოემბერს, აფხაზეთის პარლამენტში მინისტრთა კაბინეტიდან რიგგარეშე განსახილველად შევიდა კანონპროექტები სამი ვარდნილი ჰიდროელექროსადგურის იჯარის შესახებ. მათ შორის ერთ-ერთის, ენგურზე “ვარდნილჰესი 2-ის” მიღება იჯარით რუსეთს სურს. ამჟამად ობიექტი აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ხელშეკრულების თანხა კი 84 420 000 რუსულ რუბლს [1 მილიონ დოლარამდე] შეადგენს. 

შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ სანამ ადამიანები არარსებული დრონებითა და უსაფრთხოების პრობლემებით არიან დაკავებული, პოლიტიკოსები სხვა მნიშვნელოვანი და სადავო საკითხების მოგვარებას შეუდგნენ. აფხაზეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთისთვის სახელმწიფო ობიექტების გადაცემის წინააღმდეგია.

თუმცა, ფეისბუკსა და ტელეგრამ არხებზე აფხაზეთის მოსახლეობის რეაქციებითა და კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ხალხის “გაცურება” არც ისე მარტივია. მოსახლეობა ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში არ სჯერათ დივერსიების და, მით უმეტეს, სოხუმის აეროპორტში შესაძლო ტერაქტის.

აფხაზეთში დივერსიული ჯგუფის შესაძლო შემოჭრაზე ამბავს ვერავინ გაიგებდა, რომ არა რუსი პროპაგანდისტის, სოლოვიოვის ტელეგრამ არხზე 8 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებიდან მალევე ამბავი უკვე აფხაზურ ტელეგრამ არხებზე განთავსდა და აფხაზმა ჟურნალისტებმა შესაბამის უწყებებში კომენტარებისთვის მიმართვები დაიწყეს. 

პირველი კომენტარი რუსულმა სააგენტო “სპუტნიკმა” გამოაქვეყნა. მასში აფხაზი შს მინისტრი რობერტ კიუტი აცხადებდა, რომ მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია მონადირეების მონაყოლზე დაყრდნობით. მისი თქმით, სწორედ მათ შენიშნეს ოჩამჩირის რაიონში, ტყეში ამერიკული ავტომატებით М-4 -ით შეიარაღებული და შავი კამუფლაჟებითა და კვადროკოპტერებით ეკიპირებული ჯგუფი.  

მინისტრის თქმითვე, სანამ სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს, “სოხუმი დაცულია თავდასხმისგან”. 

9 ნოემბერს, ღამის პირველ საათზე, მინისტრმა რობერტ კიუტმა რუსულ ტელეკომპანია РЕН ТВ-ს და გაზეთ “იზვესტიას” ამცნო, რომ დივერსანტებზე ინფორმაცია არ დადასტურებულა.

იმავე დღეს, დილის 11 საათისთვის კი, გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ვიცე-პრეზიდეტი ბადრა გუნბა, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი დბარი, შს მინისტრი რობერტ კიუტი, უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე თემურ ახიბა და პარლმენტის სპიკერი ლაშა აშუბა, სპეცდანაყოფის თანშრომლებთან ერთად, აფხაზეთის მთებში სავარაუდო დივერსანსტებს ვერტმფრენით ეძებდნენ.

აფხაზეთში ყველამ კარგად იცის სოლოვიოვის მეგობრობის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ინალ არძინბასთან, რომელიც სოლოვიოვის გადაცემის ხშირი სტუმარია და დაბადების დღესაც საჯაროდ ულოცავს.  

გარდა ამისა, არძინბას რეპუტაციაზე უკვე არსებობს ლაქა, რომელიც დეზინფორმაციას უკავშირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, სარია ჭამაღუას განცხადებით, ოპოზიციონერ ადგურ არძინბას დისკრედიტაციის მიზნით, ინალ არძინბა გასავარცელებლად ყალბ დოკუმენტებს აძლევდა. შესაბამისად,  მოსახლეობას არა მხოლოდ დივერსანტების, არამედ თავად მონადირეების არსებობაშიც ეჭვი ეპარება. 

ამ ამბავს კიდევ უფრო მეტი კომიკურობა შესძინა სოლოვიოვის ცნობამ იმის შესახებ, რომ “50-მდე ბოროტმოქმედი სოხუმის აეროპორტში ტერაქტს გეგმავდა”, რასაც აფხაზმა ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ საჯაროდ დასცინა – მისი თქმით, აეროპორტში ერთადერთი ფასეულობა, რომელიც საბჭოთა დროიდანაა შემორჩენილი, ეს ედუარდ შევარდნაძის მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავია.


მასალების გადაბეჭდვის წესი