ახალი ამბები

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურიდან განათლების სამინისტროში გადადის

13 ნოემბერი, 2023 •
ახალგაზრდობის სააგენტო კულტურიდან განათლების სამინისტროში გადადის

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა.

განათლების მინისტრ გიორგი ამილახვრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს გაეგზავნება.

„მთავრობის მსჯელობისას იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩვენი პროგრამების ფარგლებში, — დაწყებული სკოლით, პროფესიული განათლებითა და უმაღლესი განათლებით, — ისედაც გვაქვს კომპონენტები, რომელიც გარდა განათლებისა, სხვადასხვა აქტივობებს და ახალგაზრდობის პოლიტიკას მოიცავს. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის და განათლების სიახლოვის შედეგად, ამ სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც დაემატება ახალგაზრდობის სააგენტო“, — განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და კულტურის სამინისტროების რეორგანიზაცია არაერთხელ განხორციელდა.

კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს შეუერთდა. 2021 წელს კი კულტურის მიმართულება განათლებას გამოეყო და კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. კულტურის სამინისტრო შემადგენლობაში შევიდა ახალგაზრდობის სააგენტოც, რომელიც მამუკა ბახტაძის პრემიერობის პერიოდში, 2019 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი