ახალი ამბები

ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია და არ განიხილება – ოხანაშვილი

13 ნოემბერი, 2023 • 1046
ბარიერის  დაწევის საკითხი დახურულია და არ განიხილება – ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია და მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს.

„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ. ერთი მხრივ, გვესმის მათი ომახიანი ტონი, რომ ხელისუფლებაში მოდიან და ამასთანავე ჩვენ გვთხოვენ, ბარიერი დავუწიოთ, რომ იქნებ როგორმე გადალახონ და შეძლონ პარლამენტში შესვლა. ეს მეტყველებს, რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია დღეს მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსიც კი არ გააჩნიათ. საარჩევნო ბარიერი დადგენილია 5%-იანი ბარიერის სახით, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, არ განიხილება და არც ვაპირებთ.

კეთილი ინებოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მოემზადონ არჩევნებისთვის, უზრუნველყონ მათი რესურსის მობილიზება და თანასწორ, კონკურენტულ, სამართლიან პირობებში გავიდეთ ამომრჩეველთან და ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და მოხვდეს პარლამენტში და ვინ არა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებში, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საარჩევნო რეფორმა ისევ მოხვდა.

კერძოდ, ევროკომისია ამბობს, რომ ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, განსაკუთრებით, 2024 წელს, და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები.

კომისია იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმები, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლების უზრუნველყოფა არჩევნებამდე საკმაოდ ადრე. რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში, დაზუსტებული არაა. თუმცა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჩანაწერი, სავარაუდოდ, საარჩევნო ბარიერის დაწევას უნდა ნიშნავდეს, რათა ამომრჩეველთა ხმები პარლამენტში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი