ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ერთხელ აფხაზეთში” – დავით ჯიშკარიანი

13 ნოემბერი, 2023 • 1335
“ერთხელ აფხაზეთში” – დავით ჯიშკარიანი

უცნაურ ამბავზე, სერიალზე მინდა მოგიყვეთ,  რომელიც ცოტა ხნის წინ სოხუმში გადაიღეს და მაყურებელიც საკმაო რაოდენობით ჰყავს. მოვლენები თანამედროვე აფხაზეთში ვითარდება და მისი მთავარი გმირი მეხანძრე თეიმურაზ ტრაცბაა.

სიუჟეტი იმით იწყება, რომ სოხუმთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ბოსელს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო მანქანა ადგილზე დროულად მივიდა. თუმცა ცეცხლის ჩასაქრობად საჭირო წყალი მანქანაში არ აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციის თანამშრომლებს გაახსენდებათ, რომ ახლოს სათადარიგო წყლის ავზი უნდა იყოს და მისკენ გაეშურებიან. ადგილზე მისულები ნახავენ, რომ ავზი ვიღაცას კარგა ხანია მოუპარავს. უკან მობრუნებას გადაწყვეტენ, მაგრამ ამ დროს მანქანაში საწვავი თავდება, რადგან ისიც მოიპარეს.  გაბრაზებული და იმედგაცრუებული მეხანძრე ფეხით გაიქცევა ცეცხლმოკიდებული ბოსლისკენ.   ბუნებრივია, ამდენ ხანს ცეცხლი მათ არ დაელოდებოდათ და სანამ ისინი მივიდნენ  პირუტყვის გასაჩერებლიდან ალი სახლს მოდებოდა და ორივე დამწვარი დაუხვდათ. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.

პატიოსანი მეხანძრე, რომელიც ვალებით დახუნძლული და ყოველდღიური ყოფით გადაღლილია, აცნობიერებს მის დანაშაულს და დედა-შვილს საკუთარ ოჯახში წაიყვანს, სადაც არც ხალხის და არც პრობლემების ნაკლებობაა. თავად მეხანძრე მისი ცოლის სახლში ცხოვრობს, მეცნიერ დედასთან და მამასთან ერთად, რომელიც წარსულში ჯიბის ქურდი იყო. იმავე ბინაში ცხოვრობენ ფსიქიკური აშლილობის მქონე სიდედრი, ნარკოდამოკიდებული ცოლის ძმა და ორი თინეიჯერი შვილი.  სტუმრებს კი იღებენ, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ოჯახს მათი დახმარების ძალა არ შესწევს.

ფილმში ნელ-ნელა ჩნდებიან აფხაზი პოლიტიკოსები, რუსეთში გამდიდრებული ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში ბიზნესს ეწევიან, კრიმინალები, უსაქმოდ დარჩენილი ადამიანები და ეს ყველაფერი ერთმანეთში არეული და აზელილი, აფხაზეთის მძიმე ყოველდღიურობას აჩვენებს.

სერიალები პოსტსაბჭოთა სივრცეშიმ ძირითადად, 90-იან წლებში იკიდებს ფეხს. თუ ჩვენს უახლოეს წარსულსაც გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ სერიალებმა მათი კუთვნილი ადგილი დაიკავა ჩვენს ცხოვრებაში.

საქართველოში 90-იანი წლების  სამოქალაქო ომს, შეიარაღებულ კონფლიქტებს, კრიმინალის თარეშს თან ერთვოდა უშუქობა, უწყლობა და გათბობის უქონლობა. კორუმპირებული პოლიტიკური ელიტა, მაშინაც და დღესაც, პატრიოტობის მანტიას იყო ამოფარებული. ამ უიმედო მდგომარეობაში ადამიანები ელექტროენერგიის ჩანაცვლებას ალტერნატიული გზებით ცდილობდნენ.   მაშინ ხშირად ნახავდით, კარგი ამინდის დროს, ეზოებში მანქანის აკუმლატორზე შეერთებულ პატარა ტელევიზორთან, სახლებიდან წამოღებულ საკუთარ სკამებზე მჯდომ ადამიანებს, რომლებიც დიდი ინტერესითა და აზარტით უყურებდნენ რამეს.

ეს რაღაც იყო ახლად შემოსული მრავალსერიანი მხატვრული ფილმები და მათი გმირები: კასანდრა, რანდუ, დონია იზაურა, მდიდრები, რომლებიც ტირიან, და უსამრთლობასთან მებრძოლი უკანონოდ შობილი ველური გული. ასე და ამგვარად, 90-იანი წლების მთელ რიგ კრიზისებისა და უბედურებების გარდა, სერიალების შემოსვლის, დამკვიდრებისა და მათი ყურების ეპოქაცაა. ყოფით დამძიმებული ადამიანები სხვა სივრცეში ხედავდნენ შვებას.

“ერთხელ აფხაზეთში” ოდნავ განსხვავებული ჟანრისაა. აქაც გვხვდება სიყვარული, ეჭვიანობა და საოჯახო კონფლიქტები, თუმცა პრობლემები უფრო სოციალურია, ის, რაც აფხაზეთში მცხოვრებ რიგით ადამიანებს აწუხებთ.

სიუჟეტის მიხედვით ტყვარჩელის მიტოვებულ მაღაროში აფხაზეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რადიოაქტიული ნივთიერებები შეინახოს. ამაში კოლოსალურ მოგებას და ფინანსურ დივიდენდს ჰპირდებიან ევროპელი ინვესტორები. წარსულში ამ მაღაროს აღმომჩენი იყო თეიმურაზ ტრაცბას გამზრდელი ბაბუა. ღირსეული ბაბუის შვილიშვილი წინ აღუდგება ამ გეგმას. სიტუაცია ისე იძაბება, რომ ბოლოს იძულებული ხდება, აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინოს საკუთარი თავი. ომის გმირი, უფულო, ტრადიციების ერთგული, პატიოსანი, ყელამდე ვალებში მყოფი კაცი გადაწყვეტს პრეზიდენტობას. პოლიტიკაში ახალბედა ტრაცბა აწყდება ბევრ მუხანათობას პოლიტიკოსების, უხუცესთა საბჭოს წევრების, მეომართა კავშირის, პოლიციის და სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც წესითა და კანონით მისაბაძი მაგალითები უნდა იყვნენ საზოგადოებაში. ის და მისი მეგობრები მარტო აღმოჩნდებიან საზოგადოებაში არსებული უსამართლობის წინაშე. ყველაზე დიდ ღირებულებად და მთავარ აქტორად ამ შემთხვევაში ფინანსური ინტერესები, რესურსების კომერციალიზაცია გვევლინება, რომლის მიმართ ლოიალური არა მარტო მექრთამე რიგითი პოლიციელები და ქურდები,  არამედ ხელისუფლების უმაღლესი პირები და ავტორიტეტული ადამიანები არიან.

სერიალები გარკვეულ სტერეოტიპს ქმნიან და თუ რეჟისორმა მოინდომა, მისი დანგრევაც შეუძლია. „ერთხელ აფხაზეთში“ გვერდს არ უვლის აფხაზეთისთვის უმწვავეს ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემას და უშუქობას. კადრში ხან ნახევრად დატენილი მობილურია ნაჩვენები, ხან მაინინგების ფერმა და მათი მფარველი პოლიტიკური ელიტა.

ამის გარდა სერიალი აჩვენებს ყოველდღიურ კრიმინალს აფხაზეთში, სადაც სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ებრძვიან. ომის მეხსიერება და ტრავმა აქ უკვე ერთგვარ რეპრეზენტაციულ ინსტრუმენტადაა ქცეული. ის, ვინც ომობდა, მორალურ უპირატესობას იღებს მასთან შედარებით, ვინც არ იბრძოდა. ტრადიციები ერთგვარ ინსტუმენტადაა წარმოდგენილი, რომელსაც ყველა ციტირებს და არტიკულირებს, მაგრამ რეალობაში მასაც ფასი აქვს დაკარგული.

“ერთხელ აფხაზეთში” ადამიანს შეიძლება მოეწონოს ან არ მოეწონს, არც მის მაღალ  მხატვრულ ან შინაარსობრივ ხარისხზეა საუბარი, თუმცა ამ სერიალს საკუთარი ღირსება გააჩნია.

როდესაც ადამიანი აფხაზეთს იკვლევს და მას ჰკითხავენ, რა ხდება მანდ ? (ხშირად შეკითხვა ასე ფორმულირდება), კვალიფიციურ ადამიანს პასუხის გაცემა ყოველთვის უჭირს, რადგან თბილისში და დანარჩენ საქართველოში აფხაზეთის შესახებ წარმოსახვითი რეალობა არსებობს. საქართველოს მოქალაქე მკვლევრისთვის აფხაზეთში ჩასვლა თითქმის შეუძლებელია. ეს სერიალი კი იმ მძიმე სოციალურ რეალობას აჩვენებს, რაც აფხაზეთში ყოველდღიურადაა.  ის, რასაკვირველია, კონსტრუირებულია, მაგრამ მაინც რეალობასთან ახლოსაა.

სერიალში ხშირად გაიგებთ ფრაზებს, რომელიც ირიბად, მაგრამ ამავდროულად საქართველოს ეხება. მაგალითად, თეიმურაზ ტრაცბა რუსეთის წარმომადგენელს ხვდება ელექტროენერგიის პრობლემაზე სასაუბროდ. შეხვედრამდე საჩუქრებს იყიდის. ჩუქების დროს კი აღნიშნავს, რომ ეს ჭაჭაც აფხაზურია და ეს ტკბილეული არა ჩურჩხელა, არამედ ნამდვილი აფხაზური აჯანჯუხაა. რუსი ჩინოვნიკი ამ ყველაფერს კარადაში ყველაზე დაბლა შედებს, სადაც მსგავსი საჩუქრები უხვადაა და ამით აჩვენებს მჩუქებელს, რომ ეს საჩუქარი მისთვის არაფერს ნიშნავს.

ოდნავ გადავუხვევ ისევ 90-იან წლებში. მაშინ გამოდიოდა გაზეთი ‘სერიალი“,  სადაც შეგეძლო წინასწარ წაგეკითხა სერიები. ამის წამკითხველი „ექსკლუზიური“ ინფორმაციის მფლობელი ხდებოდა. სამწუხაროდ, ახლა „ერთხელ აფხაზეთში“ მხოლოდ იუთუბ არხზეა განთავსებული და წინასწარ არ ვიცით, რა მოუვა თეიმუარაზ ტრაცბას, არც ის ვიცით, გაუმკლავდება თუ არა მის წინაშე არსებულ პრობლემებს. რამდენი სერია და რამდენი სეზონი იქნება, ესეც ბოლომდე უცნობია. არადა, არსებობდა და არსებობს სერიალები, რომლებიც წლები გრძელდებოდა. ერთხელ ჩემმა ნათესავმა გულდაწყვეტით თქვა ერთ სერიალზე. ამის ყურება სოხუმში დავიწყე, თბილისში გავაგრძელე და მოსკოვში დავასრულეო.

როდესაც საქართველოში აფხაზეთზე საუბრობენ, ხშირად საბჭოთა პერიოდზეა ყურადღება გამახვილებული, მაშინდელ რეალობასა და იმდროინდელ ხალხზე. ეს სერიალი კი იმას აჩვენებს, რომ რეალობა რადიკალურად შეცვლილია და აფხაზეთში უბრალოდ სხვა რეალობაა.  უფრო მეტიც, აქ სასაუბრო ენაც კი განსხვავებულია.

 


მასალების გადაბეჭდვის წესი