ახალი ამბები

TI-საქართველო რკინიგზის, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიაზე მორგებული ტენდერის შესწავლას ითხოვს

10 ნოემბერი, 2023 • 1182
TI-საქართველო რკინიგზის, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიაზე მორგებული ტენდერის შესწავლას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლონ საქართველოს რკინიგზის ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები.

საუბარია ელმავლების შესასყიდად გამოცხადებულ 184 მილიონლარიან ტენდერზე, რომელიც TI-საქართველოს შეფასებით, სავარაუდოდ, რუსულ კომპანიაზე მორგებული ტენდერია, რადგან მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

სატენდერო მოთხოვნაა, ელმავალი „აკმაყოფილებდეს ТР ТС 001/2011 (საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტი „რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების შესახებ“) ან НБ ЖТ ЦТ 04 („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელექტრომავლები“) სერტიფიცირების მოთხოვნებს“. НБ ЖТ ЦТ 04-1998 არის რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სამინისტროს მიერ 1998 წლის 7 აგვისტოს მიღებული დოკუმენტი.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ამ ჩანაწერით „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე.

„საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვის დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველო მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

TI-საქართველო აცხადებს, რომ სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“ ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან არ ათავისუფლებს.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე“, — ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ აცხადებს, რომ 2 წლის წინაც წერდა რკინიგზის მიერ დარღვევით გამოცხადებულ მსგავს ტენდერზე. ორგანიზაციას დაუკავშირდა ავსტრიული კომპანია „GSL Steel Trade GmbH“, რომელიც ფიქრობდა, რომ რკინიგზა ტენდერში ხელოვნურად ზღუდავდა კონკურენციას. ავსტრიული კომპანიის ძირითადი არგუმენტი ევრაზიული კავშირის სერტიფიკატების მოთხოვნა იყო.

„რომ არა ეს მოთხოვნა, ავსტრიული კომპანიაც შეძლებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას. თუმცა ის ტენდერი მაინც შედგა და „საქართველოს რკინიგზამ“ 17 მლნ დოლარის რუსული წარმოების რელსები შეისყიდა“, — აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“.

რკინიგზა საბაჟო კავშირის სტანდარტის ელმავლებს ყიდულობს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი