ახალი ამბები

ცხინვალის ცნობით, ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

9 ნოემბერი, 2023 • 1908
ცხინვალის ცნობით, ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ

ლომისის ეკლესიასთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ცხინვალში გადაყვანილ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადმოსცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

ლევან დოთიაშვილი და თამაზ გინტური ერთად მიდიოდნენ ლომისის ეკლესიაში, რა დროსაც მათ რუსი ოკუპანტები დაესხნენ თავს. გინტური მოკლეს, დოთიაშვილი კი ცხინვალში გადაიყვანეს.

დღეს, 9 ნოემბერს ოსურმა მედიამ ასევე გაავრცელა დოთიაშვილის დაკითხვის კადრებიც, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ მოხვდნენ ლომისის ტაძართან თამაზ გინტურის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე. ვიდეოში მას სახეზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.

“სასაფლაოზე ვსვამდით 6 კაცი… ამის შემდეგ რომ დავიშალეთ, ორი მანქანით წავედით. ერთი მანქანა წავიდა სოფლისკენ, სამნი კიდე ლომისის ეკლესიაში სანთლების ასანთებად… მე, თამაზ გინტური და თამაზ პაპიტაშვილი. რულზე იჯდა თამაზ გინტური.

ავედით ეკლესიაში, სანთლები დავანთეთ… კარები იყო დაკეტილი, გავაღეთ ცულით”, — ჰყვება დოთიაშვილი.


6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო წარმომადგენლებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს.

ისინი სოფელ კირბალთან მდებარე ლომისის ტაძართან იმყოფებოდნენ. ის ამჟამად საოკუპაციო ხაზს იქითაა მოქცეული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივები ტაძარში სიარულს მაინც ახერხებდნენ, წელს კი საოკუპაციო ძალებმა შესვლა აუკრძალეს. როგორც კირბლელი გივი გინტური (თამაზ გინტურის ძმა) ნეტგაზეთთან ჰყვება, ტაძრის კარი რუსმა სამხედროებმა 7 ივნისს აჭედეს.

მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ადგილობრივები პოლიციის დახმარებით, ხან კი მათ გარეშეც ახერხებდნენ სასაფლაოსა და ეკლესიაში მისვლას, თუმცა ბოლო სამი წელია ეს განსაკუთრებით გართულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი