აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის რობერტ კიუტის ცნობით, დივერსანტების ჯგუფს აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გულრიფშის სოფელ აზანთას ტერიტორიაზე ავიაციით ეძებენ. ინფორმაციას სააგენტო «Апсны.Иахьа» ავრცელებს.
აფხაზური მხარის ცნობითვე, სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ასევე სახმელეთო დანაყოფები.
ამასთან, დე ფაქტო შს მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დივერსიული ჯგუფი არ აღმოუჩენიათ.
იქამდე, 8 ნოემბერს ღამით, აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ “ძალოვანი სტრუქტურები გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ დაჯგუფებას ეძებენ”. აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, რუსი ტელეწამყვანის სოლოვიოვის გადაცემაში გასული ცნობის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე “საქართველოდან დივერსანტები შეიჭრნენ”, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.
კიუტის განცხადებით, “შვიდი შეიარაღებული ადამიანი ადგილობრივმა მონადირეებმა შენიშნეს”.
“ისინი შეიარაღებული იყვნენ უცხო ქვეყნის შეიარაღებით, სავარაუდოდ, ავტომატებით М-4, ჩაცმული შავ ფორმებში, ნიღბებში, თავსაბურავებში და კარგად ეკიპირებული. მათ ასევე ჰქონდათ კოპტერი, რომელიც გარშემო უფრენდა სოფელ აზანთას. სოხუმში ყველა შესასვლელი გზა გადაკეტილია”, – აცხადებდა კიუტი 8 ნოემბერს.