ახალი ამბები

მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული – ვაშაძე

9 ნოემბერი, 2023 • 1138
მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ევროკომისიის 9 პირობის შემსრულებელი არ არის. ამის შესახებ მან დღეს, 9 ნოემბერს, პარლამენტში ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ „დაიწყებს ჭიდაობას“, რომ 9 პირობა არ უნდა შეასრულოს.

„როგორც ქალბატონმა ურსულამ თქვა, სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს ყველაფერი და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მოუსმინონ ქართველ ხალხს. ოპოზიცია – ყოჩაღ, სამოქალაქო სექტორი – ყოჩაღ, ხელისუფლება – მოუსმინე ქართველ ხალხს, ეს არის მთელი შინაარსი.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვეს, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირმა, მაგრამ ეს ცხრა წინაპირობა არის ჩვენი გასაკეთებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნები გეოპოლიტიკური არჩევნებია. რა გზას ირჩევს საქართველო: ამ 9 რეკომენდაციის შესრულებით ევროკავშირის წევრობას, თუ ისევ ჭიდაობას და იმ მაიმუნობას, რასაც ჰქონდა ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთავარი – ვინ არის ამ პირობების შემსრულებელი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ გამკეთებლები ვართ – მოგვეცით შესაძლებლობა და ცხრავე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული, ყოველგვარი პრობლემის გარეშე“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მათი მოლოდინიც სწორედ ეს იყო, რომ „რუსული ხელისუფლების მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად“, ქართველი ხალხის ხმა აღმოჩნდებოდა უფრო ხმამაღალი და ძლიერი და სწორედ ამაზე დაყრდნობით მიიღებდა ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე და უკრაინის და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვისაც გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის.

„რა არის საჭირო ამისთვის? ამისთვის საჭიროა იმ 9 პირობის შესრულება, რომელზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა გუშინ ევროკავშირმა და მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დღეს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, არის შემდეგი – ვინ შეასრულებს ამ პირობებს და, შესაბამისად, ვინ მივა შემდეგ ეტაპამდე ევროკავშირში გაწევრიანების? განა ვინმეს სჯერა, რომ რუს აგენტებზე მდგარი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაუწყებს ბრძოლას რუსულ დეზინფორმაციას? ეს არის უპირველესი მოთხოვნა, ან იმას, რომ ის მოაშორებს სასამართლო კლანს? – არა! „რუსული ოცნება“ ამ პირობებს არ შეასრულებს, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა, მაგრამ ერთი პირობა, რომლის შესრულებაც მოუწევს ივანიშვილს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც აუცილებლად გახდება საბოლოო დიდი გამარჯვების საწინდარი და შემდეგ უკვე დემოკრატიული მთავრობა განახორციელებს ყველა ამ რეფორმას და საქართველო შევა ევროკავშირში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა:

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე.

„კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი