ახალი ამბებიბლოგები

გიორგი მელაშვილი: საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ახლა

9 ნოემბერი, 2023 • 2393
გიორგი მელაშვილი: საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ახლა

გიორგი მელაშვილი, კოალიცია ინფორმაციის სანდოობის წევრი და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი:

 

ანგარიში გამოქვეყნდა.

გამოქვეყნდა და… დეკემბრისთვის ახალი იმედი გაგვიჩნდა.  

იმედი, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდება ჩვენს მშობლიურ – ევროპულ – სივრცეს.

ახლა ერთი წუთით უნდა შევჩერდეთ. უნდა დავფიქრდეთ და  ყველამ ერთად გავიაზროთ, რამ მიგვიყვანა და რამ შეგვაყოვნა ევროპულ გზაზე – როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები და დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ – ერთად, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, რადგანაც ევროპული მომავალი და ევროპული გზა ჩვენი – ქართული საზოგადოების – არჩევანია.

უნდა შევჩერდეთ, და გავიაზროთ, რომ ევროკომისიის ანგარიში არის ქართველი ხალხისა და ჩვენი მომავალი თაობების დამსახურება. იმ თაობების, რომლებიც იცავდნენ ევროკავშირის დროშას და არ შეეშინდათ არც წიწაკის სპრეის, არც მხუთავი აირის და არც წყლის ჭავლის. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა საკუთარი არჩევანი – რაც ბრიუსელმა ძალიან ნათლად დაინახა, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ არა მარტო სათანადოდ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მიღებას საფრთხე დამუქრებოდა  – დაწყებული რუსული კანონით, და დასრულებული პრეზიდენტის ჩავარდნილი იმპიჩმენტითა და ქალი დეპუტატების ამაზრზენი ლანძღვით პარლამენტში.

ამიტომაც ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, არ უნდა მივცეთ პოლიტიკოსებს ჩვენი მოტყუებისა და ჩვენით მანიპულაციის შესაძლებლობა – ევროკომისის ანგარიში თავიდან ბოლომდე ქართული საზოგადოების დამსახურებაა. ეს არის იმედი, რომ დეკემბერში ევროპული საბჭოს სხდომაზეც ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირისკენ გზა არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ამბიცია არის ევროკავშირის წევრობა – ეს კი საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლას ნიშნავს. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს უკეთესობისკენ ცვლილებას, ანგარიშვალდებულებას, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებასა და ძირეული რეფორმების ჩატარებას, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის – იქნება ეს ხარაგაულში სკოლის მასწავლებელი, ოჯახური სასტუმროს მეპატრონე ონში თუ მრავალშვილიანი დევნილი აფხაზეთიდან. 

ეს ადამიანები – ქართველი ხალხი – ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობას. ჩვენი მომავალი თაობები და ოჯახის წევრები იმსახურებენ ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ გამოვიარეთ 90-იანები. გადავრჩით. დღეს კი ჩვენი ვალია, რომ ამ დროის გამოვლა ქართველების არცერთ თაობას აღარ მოუწიოს – ერთადერთი გზა, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ მშვიდობიანად, არის ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება, ყველა იმ სიკეთეზე – მატერიალურზე, სოციალურსა თუ კულტურულზე, სრული წვდომის მიღება. 

მაგრამ ეს გზა არ არის ცალმხრივი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროპის კავშირი, ასევე ევროპის კავშირს სჭირდება საქართველო. საქართველო, რომელიც მზადაა დაიცვას ევროპული ფასეულობები რუსთაველის გამზირსა და ბრიუსელში, რომელსაც ვერ შეაშინებს ვერც წიწაკის სპრეი და ვერც წყლის ჭავლი. საქართველო, რომელსაც ამაყად უჭირავს საქართველოს და ევროპის დროშა. ევროპისადმი ასეთი დამოკიდებულება, ჩვენი წინაპრების თაობების არჩევანი არის მთავარი გარანტია, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება ევროპულ სივრცეს და გახდება ევროპის კავშირის წევრი. ამ ერთობით კი როგორც საქართველო, ასევე ევროპის კავშირი გაცილებით ძლიერი გახდება. მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. საკუთარ თავზე – და საკუთარ ქვეყანაზე. 

ეს მუშაობა, ეს საერთო სიძლიერე კი დგას რეფორმებზე, საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველ გარდაქმნაზე ევროპულ სახელმწიფოდ. დღეს ჩვენ უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ევროპული მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული რეფორმების წარმატებაზე – იმ რეფორმების, რომლებიც საქართველოს გადააქცევენ უფრო ძლიერ, სამართლიან, ევროპულ და თავისუფალ ქვეყნად.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია გავერთიანდეთ. გვერდზე გადავდოთ წყენები და პოლიტიკური უთანხმოებები, გავერთიანდეთ და დავიწყოთ ამ რეფორმების დაგვიანებული, მაგრამ მაინც – აუცილებელი შესრულება. ყველამ – ერთად.

დღეს, როდესაც მორიგ ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ეს არჩევანი არის უფრო ძლიერი, წარმატებული და მდიდარი საქართველო – ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და დავუბრუნდეთ ევროპულ ერთა ოჯახს, რომელსაც ყოველთვის მივეკუთვნებოდით. 

საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ახლა.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zinc Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ.

მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. მასალაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “ნეტგაზეთის” ან დონორის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი