ახალი ამბები

მაია სანდუ ქართველ ხალხს ევროკომისიის შეფასებას ულოცავს

8 ნოემბერი, 2023 • 1062
მაია სანდუ ქართველ ხალხს ევროკომისიის შეფასებას ულოცავს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს, რომ ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში მიულოცა ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა ევროკავშირის ოჯახის ნაწილის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ“, — წერს სანდუ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ესაუბრა უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს და მიულოცა მათ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია.

„ეს არის მათთვის დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბჯ-ნაბიჯ. მათ მითხრეს, რომ ქართველი ხალხისთვის გადმომეცა მათი მოლოცვა და მათი დიდი სიყვარული. ჩვენ ერთად ვივლით დიდ გზაზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტმაც და თქვა, რომ მეგობარ ქართველ ხალხს მიულოცა ევროკომისიის შეფასება, მადლობა გადაუხადა საქართველოს მალტაში, მშვიდობის ფორმულის ბოლო შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის და ასევე დააყენა მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის საკითხი.

დღეს, 8 ოქტომბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პაკეტის ანგარიში და საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას.

„მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკომისიის დადებითი შეფასება“ — ზელენსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი