საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი პარიზში, მშვიდობის ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ის მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მთავრობა საზღვარგარეთ ვიზიტებზე ნებართვას არ აძლევდა და ამ საკითხის ირგვლივ საკონსტიტუციო დავა წააგო, თქვა, რომ ხვალ ის მიემგზავრება პარიზში „როგორც დაგეგმილი იყო“. პრემიერის ვიზიტი კი, ზურაბიშვილის თქმით, „ახლა დაიგეგმა“.
„მე რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ, საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საზეიმო აქციისას.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა მთავრობის ნებართვა ვიზიტზე.