ახალი ამბები

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სტატუსის მინიჭების თხოვნით ევროკომისიის პრეზიდნეტს მიმართავენ

3 ნოემბერი, 2023 • 1537
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სტატუსის მინიჭების თხოვნით ევროკომისიის პრეზიდნეტს მიმართავენ

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდნეტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის  წევრობის კანდიდატის სტატუსი.

როგორც საერთო მიმართვაში ქალი დეპუტატები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება კვლავ წინაა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირთან არასაკმარისად რჩება, საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, განსაკუთრებით, გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების და ქვეყანაში რუსული გავლენების ფონზე.

„იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გადაწყვეტილებას თან უნდა ახლდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და ძირეული რეფორმები, რაც აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოების და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.

კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აქვე მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილებამ უნდა წარმოადგინოს ნათელი ჩარჩო ქვეყნისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების გზაზე. ეს წაახალისებს რეფორმების მხარდამჭერ აქტორებს ქვეყნის შიგნით და გაზრდის საქართველოს ევროკავშირში წევრობის ინსტიტუციონალიზაციის შესაძლებლობებს.

ჩვენ, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, მადლობას გიხდით ევროკავშირში თქვენი ლიდერობისთვის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების ურყევი მხარდაჭერისთვის ევროპისა და რეგიონისთვის ამ კრიტიკულ დროს.

გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოება ლისაბონიდან თბილისამდე მოიტანს გრძელვადიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ხალხისთვის“, – ნათქვამია საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • აქუბარდია თეონა (რეფორმების ჯგუფი)
  • ბოკუჩავა თინა (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • ბუჩუკური ანა (პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“)
  • ჩარკვიანი თამარ (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ჩხეიძე ნატო (პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“)
  • დეკანოიძე ხატია (ევრო-ოპტიმისტების ჯგუფი)
  • ხერხეულიძე ეკატერინე (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • კორძაია თამარ (დამოუკიდებელი დეპუტატი)
  • ნაცვლიშვილი ანა (ლელო საქართველოსთვის)
  • სამადაშვილი სალომე (ლელო საქართველოსთვის)
  • სამნიძე ხათუნა (საქართველოს რესპუბლიკური პარტია)
  • წითლიძე ანა (ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
  • თურაზაშვილი ქეთევან (პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“)

მასალების გადაბეჭდვის წესი