საზოგადოება

24 წლის ქალი ამბობს, რომ კრივში ევროპის ჩემპიონმა მასზე იძალადა

27 ოქტომბერი, 2023 • 2829
24 წლის ქალი ამბობს, რომ კრივში ევროპის ჩემპიონმა მასზე იძალადა

ფეისბუკზე ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში 25 ოქტომბერს მარიამმა (სახელი შეცვლილია), პოსტი დადო. 24 წლის ახალგაზრდა ქალი ჰყვებოდა, რომ 4 თვის წინ ბათუმში გაცნობილი ბიჭი, რომელიც ცნობილი და ტიტულიანი მოკრივეა, ფიზიკურად ისე სასტიკად გაუსწორდა, რომ მოძრაობაც უჭირდა. მარიამი წერდა, რომ მოკრივეს კრივის ეროვნული ფედერაციიდან მფარველობდნენ. საერთო ნაცნობები კი ქალზე ზეწოლას ცდილობდნენ, სპორტსმენის კარიერა არ დაეღუპა და გაჩუმებულიყო. ახალგაზრდა ქალი ათასობით სხვა ქალს, რომელსაც ფეისბუკის ეს ჯგუფი აერთიანებს, რჩევას და დახმარებას სთხოვდა.

26 ოქტომბერს მარიამს პროკურატურაში გატარებული მრავალი საათის მერე შევხვდით. ის მტკიცედ იმეორებს, რომ “არავის უნდა ეპატიოს ქალზე ძალადობა, არავითარი მიღწევისა და გავლენიანი ნაცნობების გამო”. ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ უკვე გამოიარა შოკის, ვერ გააზრების, სტრესისა და უძრაობის მდგომარეობები და ამატებს, რომ ახლა ძალიან გაბრაზებულია და დარწმუნებული, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

რა მოხდა 23 ოქტომბერს გამთენიისას – მარიამის მონათხრობი

“გაცნობიდან აქამდე თითქმის ყოველდღიური მიმოწერა გვქონდა. ყოველდღე ვერ ვნახულობდი, ხშირად იყო შეკრებებზე. ხან საქართველოში, ხან რუსეთში. შეყვარებულები არ გვეთქმოდა ნამდვილად, მაგრამ არც სხვები და უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. 

წინა თვის დასაწყისში წავიდა რუსეთში სავარჯიშოდ. ოთხი დღის წინ ჩამოვიდა, იმ ღამეს, როცა ეს მოხდა. შეთანხმებული ვიყავით, რომ გამომივლიდა. მომაკითხა თავის მეგობართან ერთად, რომელიც რუსთავში უნდა წაგვეყვანა. გზაში მარიხუანა მოწია. არ მინდოდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში დამჯდარიყო საჭესთან, ტაქსი გამოვიძახე, მაგრამ გამაუქმებინა. დამარწმუნა, ჩემს თავზე პასუხისმგებელი ვარო და გავყევი. თბილისში რომ შემოვედით, ვარკეთილში მის კორპუსთან მიმიყვანა. მთხოვდა, რომ მასთან ავსულიყავით. ვუთხარი, რომ არ მინდოდა და ტაქსი გამოვიძახე, დღეს პროკურორსაც ვაჩვენე, 6-ჯერ გამოვიძახე ტაქსი და ექვსჯერ გამაუქმებინა. ამ დროს ჯერ მშვიდი იყო. 

ბოლოს და ბოლოს გამოვიძახე. მოლოდინის დროს 15 წუთს მიწერდა. ამ დროს ვიკამათეთ. ვიცოდი, რომ კიდევ ხვდებოდა სხვას და მეუბნებოდა, რომ ამ ამბავს დაალაგებდა. გავიაზრე, რომ უბრალოდ პარალელური ურთიერთობები ჰქონდა ჩვენთან და ვუთხარი, თვითონ თუ ვერ ალაგებდა, მე დავალაგებდი და ტელეფონი ავიღე, რომ ტაქსის მოსვლის დრო შემემოწმებინა. იფიქრა, რომ ტელეფონი იმ გოგოსთვის მისაწერად ავიღე. 

თმაში მწვდა და თავი სკამის საზურგეზე მარტყმევინა. ტელეფონი ხელში მეჭირა და ამ ბრძოლაში შემთხვევით ვიდეო და ფლეში ერთად ჩავრთე. ამაზე სულ გაგიჟდა. ჩემს სკამზე გადმოვიდა, თმით ისევ ვეჭირე. ტელეფონს მართმევდა, დაზიანებები ეტყობა კიდეც. ისე მტკიოდა მაგ მომენტში ყველაფერი და იმდენად მოკლე დროში, მოულოდნელად ხდებოდა ეს, არც კი მახსოვს ზუსტად, რას აკეთებდა. ეგ წამები იყო, როცა ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, როგორმე უნდა დამემშვიდებინა და ვუთხარი, რომ გიორგი, არაფერი მაქვს, არაფერი გადამიღია-მეთქი. თვითონვე მივეცი ტელეფონი. თითქოს გააანალიზა, რაც ქნა. თავის ადგილზე გადაჯდა.

მაგ დროს ვუთხარი, გაჩვენებ ახლა, როგორ უნდა ძალადობა-მეთქი და 112 ავკრიფე. დილის 3 საათი და 35 წუთი იყო მაგ დროს. ვერ მიხვდა, სად ვრეკავდი. ალბათ ეგონა, რომ ტაქსისტთან ვაპირებდი დარეკვას. მანქანიდან გადავიდა და რომ მოესმა, 112-ს ველაპარაკებოდი, მანქანას ჩემი მხრიდან მოუარა, კარი გამოაღო. შეიძლება 112-ის ჩანაწერშიც იყოს ჩემი ხმა, რომ ვეუბნები, ელექტროშოკი მიჭირავს და არ მომიახლოვდე-მეთქი. არასდროს დამჭირვებია მისი გამოყენება, მაგრამ მაგის გარეშე სახლიდან არ გავდივარ. ფეხებში მომკიდა ხელი, მანქანიდან გადმომათრია და 3-4 მეტრი ასფალტზე მახოხიალა. გვერდში მუცელთან ამომარტყა ფეხი და მანქანისკენ წავიდა. ამ დროს მივწვდი ქვემოდან და ფეხზე მივადე ელექტროშოკი. კარგად ვერ მოვახერხე, მაგრამ იგრძნო და მოტრიალდა, კიდევ მკრა ხელი და მიმაგდო. ჩემს კივილზე ერთადერთმა კაცმა გამოიხედა პირველი სართულიდან. რა ხდებაო. გიორგიმ რა უპასუხა, ვერც გავიგე, მაგრამ მაშინვე შევიდა უკან. გიორგიმ თავისი ნივთები, მოსაწევი აიღო, მანქანა დაკეტა და სახლში ავიდა. მე დამტოვა.  ვერც გავიმეორებ, იმდენად უწმაწური სიტყვებით მლანძღავდა და მაგინებდა. ამ დროს მეორედ დავრეკე 112-ში. ვკიოდი, რატომ გამითიშეს-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვფიქრდები, მახსოვს, რომ მინდოდა თქმა, არ გამითიშოთ, თავზე მადგას, დამარტყამს-მეთქი, მაგრამ ეს მართლა ვთქვი თუ არა, არ მახსოვს, ან იქნებ მე თვითონვე გამეთიშა. ძალიან მალე, რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიცია და წამიყვანეს სამმართველოში”, – ჰყვება მარიამი.

დაზარალებულის მიერ გადაღებული კადრები 23 ოქტომბერს

დილის ოთხი საათიდან მომდევნო 10 საათის განმავლობაში მარიამი პოლიციის სამმართველოში იყო. შუადღის 12 საათისთვის ევროპის ჩემპიონი, არაერთი ტიტულის მფლობელი, მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს. თუმცა დაახლოებით 24 საათში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შემაკავებელი ორდერის ძალით, საქმის მსვლელობის დასრულებამდე, გიორგი ყუშიტაშვილს მარიამთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ეკრძალება.

ვინ არის გიორგი ყუშიტაშვილი

გიორგი ყუშიტაშვილი დაიბადა 1995 წელს პატარძეულში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. თუმცა რუსეთის ფედერაციაში, ბურიატეთის რესპუბლიკაში გაიზარდა. თითქმის მთელი ცხოვრება რუსეთში აქვს გატარებული. რუსეთის სახელით ასპარეზობდა 2020 წლამდეც. საუკეთესო შედეგი მოკრივეთა საერთაშორისო რეიტინგში 56-ე ადგილი აჩვენა 2022 წელს, როცა საქართველოში ჩამოვიდა და ასპარეზობა საქართველოს სახელით დაიწყო. 2022 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ერევანში. 2023 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო ტაშკენტში. ყუშიტაშვილს ორმაგი, საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს.

ფოტო გიორგი ყუშიტაშვილის ინსტაგრამიდან. ერევანი, 2022

მიმდინარე საქმე ერთადერთი არ არის მის ცხოვრებაში, როცა ყუშიტაშვილს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ედებოდა ბრალი. 2020 წლის თებერვალში მოსკოვში ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და დამატებით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და მასზე თავდასხმასაც ედავებოდნენ. რუსულენოვანი მედიის ცნობით, ყუშიტაშვილი და მისი ადვოკატი ამბობდნენ, რომ როსგვარდიის წარმომადგენელს ფეხი აუცურდა და თავად დაეცა, რამაც სისხლდენა გამოიწვია. მასთან დაახლოებული პირები მაშინ ამტკიცებდნენ, რომ ყუშიტაშვილს ეს ყველაფერი მოუწყვეს. იზოლატორში ორი თვე გაატარა, შემდეგ კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. რუსეთის კრივის ფედერაციამ ყუშიტაშვილი ნაკრებიდან სამუდამოდ გარიცხა.

რამდენადაც ყუშიტაშვილი არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) შემადგენლობაში ვარჯიშობდა, ავტომატურად ითვლებოდა რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების წევრად, მისი საქმე სამხედრო სასამართლოს გადაეცა. 2020 წლის სექტემბერში სამხედრო სასამართლომ ყუშიტაშვილს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. შინაპატიმრობა მოუხსნეს და ორწლიანი გამოსასწორებელი ვადა შეუფარდეს. ბრალის აღიარებამ და დაზარალებულისათვის ზიანის ასანაზღაურებლად გაღებულმა 200 000-მა რუბლმა მას სასჯელი აარიდა

2017 წელს, როცა ხარკოვში ევროპის ჩემპიონატში უნდა მიეღო მონაწილეობა, უკრაინამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა, ანექსირებულ ყირიმში უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო. 

2021 წლის ბოლოს დაბრუნდა ყუშიტაშვილი საქართველოში. მას შემდეგ, რაც რუსეთის კრივის ფედერაციამ ის სამუდამოდ გარიცხა საკუთარი რიგებიდან და მისთვის რუსეთის ჩემპიონატების კარიც დაიხურა, საქართველოს ნაკრებს შეუერთდა და ასპარეზობა საქართველოს სახელით განაგრძო.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ყოველთვის მადლიერი იქნება რუსეთის ნაკრების, სადაც შედგა სპორტსმენად, მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრების სახელით გამოდის და ამით ბედნიერია.

“თავადაც იცით, რომ მე ამეკრძალა რუსეთის ნაკრების წევრობა. უფლება მომცეს, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვიასპარეზო. რუსეთის ნაკრები ახლაც მხარს მიჭერს, შეკრებებზე მონაწილეობის უფლებას მაძლევს. მე იქ თავისიანად მთვლიან და მეც ჩემს გუნდად ვთვლი რუსეთის ნაკრებს”, – უთხრა რუს ჟურნალისტს ყუშიტაშვილმა 2023 წლის მაისში.

რას ამბობენ მარიამისა და ყუშიტაშვილის ინტერესების დამცველები

გიორგი ყუშიტაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი:

“ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.

გიორგი ყუშიტაშვილს სამი ადვოკატი ჰყავს. მათგან ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ჭოჭუაა. ნეტგაზეთთან საუბრისას ადვოკატი და ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ბრალდებული ძალადობის ფაქტს არ აღიარებს და მისი ვერსიით, “მანდილოსნის მხრიდან პროვოკაციას ჰქონდა ადგილი”.

“ამ მუხლზე 99% გირაოთი უშვებენ ბრალდებულებს და ახლა რატომ გაუკვირდა ყველას, ეს არ ვიცი. თქვენ ვინმე გინახავთ პატიმრობაში ამ მუხლით გაშვებული? ის რატომ უნდა იყოს პირველი? არსენ კალატოზიშვილი არის ერთ-ერთი უმკაცრესი მოსამართლე. როდესაც ის ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ესე იგი, ასი პროცენტით ობიექტური იყო და ასი პროცენტით იმსახურებდა ეს ადამიანი თავისუფლებაში ყოფნას. თუ მისი ბრალეულობა დადასტურდება, პასუხისმგებლობისთვის მზად არის. არაფერს გაურბის, არსად იმალება, გამოძიებასთან თანამშრომლობს. ქვეყანა შეიძლება არაერთხელ დატოვოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სადმე იმალება, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოში აღიარებული სპორტსმენია. წელიწადში ნახევარ მსოფლიოს მოივლის, ასეთია მისი ცხოვრების რეჟიმი”, – ამბობს გიორგი ჭოჭუა.

ჭოჭუას თქმით, დაცვის მხარეს ჯერ არ უნახავს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ შემთხვევის დროს ბრალდებული მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსეთში კანონდარღვევასთან დაკავშირებით არავინ იცის, სინამდვილეში იქ რა მოხდა და ეს ვერავითარ გავლენას იქონიებს მიმდინარე შემთხვევაზე.

მარიამის ინტერესებს ნუცა თოფურია იცავს. ნეტგაზეთთან თოფურიაც ამბობს, რომ ძალიან ხშირად გირაოთი გამოშვებულ ბრალდებულს, ბრალის დადასტურების შემთხვევაშიც, მხოლოდ ჯარიმა ეკისრება. მაგრამ იმედოვნებს, რომ საქმეს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის კვალიფიკაცია მიეცემა და სასამართლო მკაცრად მიუდგება.

ყუშიტაშვილის ადვოკატი ამ პერსპექტივას მსუბუქად უყურებს. 

“ბრალს რომ წარუდგენენ, თითქოს ბონუსის სახით მოაყოლებენ ხოლმე ამ გენდერულ ნიშანს. ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს მუხლი სუსტია, ამით ამძიმებენ და ამკაცრებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის საერთოდ გამორიცხული. შემაკავებელი ორდერიც ისეთი რამეა, რომ ყველას შეუძლია დარეკოს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოითხოვოს. ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. შეგვეძლო ეს გაგვესაჩივრებინა, მაგრამ ისევ საზოგადოების და მანდილოსნის ინტერესებს ვითვალისწინებთ”, – ამბობს გიორგი ჭოჭუა. 

ბრალდებულის ადვოკატს ვეკითხებით, ფაქტი, რომ ის კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და ამავე დროს ქალზე ძალადობაში ბრალდებული მოკრივის ადვოკატი, თუ უქმნის გარკვეულ დილემას. 

“არანაირს. ბრალი დადასტურებული არ არის. უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. დასრულდება ეს პროცესები და რა შედეგსაც მივიღებთ, შემდგომ მიიღებს ფედერაცია გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედებს”, – გვეუბნება ადვოკატი და ვიცე-პრეზიდენტი ჭოჭუა.

წინასასამართლო სხდომა 13 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც ამბობს, რომ ბრალდებული ყუშიტაშვილის გირაოთი გათავისუფლებას არ ეთანხმება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. 

გირაოთი ბრალდებულის გათავისუფლება არ ნიშნავს მის გამართლებას. ეს ნიშნავს, რომ სასამართლო განხილვების დასრულებამდე ბრალდებული პატიმრობაში არ იქნება.

მარიამი ამბობს, რომ მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. იმისთვისაც, რომ ყუშიტაშვილს პატიმრობა არ შეუფარდონ. თუმცა იმასაც ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ბრალდებულმა პასუხი აგოს. 

“არავის უნდა შერჩეს მსგავსი რამ, მარტო იმიტომ, რომ სხვაზე მეტი ნაცნობი ჰყავს. სანამ დაკავებული იყო, უამრავი ადამიანი მწერდა და მირეკავდა, ხან ასე მომიდგნენ, ხან ისე, მომავალს ნუ დაუნგრევო, რაში გაწყობსო. მსგავსი რამე მე არასდროს გამომიცდია და აქამდე, როგორც ჩანს, ბოლომდე არ მესმოდა იმ ქალების, ვისაც ძალადობა გადახდენია. გიპირისპირდებიან ადამიანები, ვისაც შენი არ სჯერა, გისვამენ კითხვებს, რა გეცვა, რით გამოიწვიე, სახეს რატომ მალავ, რაღაცებს იგონებ. მაგრამ მეც და ყველა სხვა ქალი ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად ამ რეალობისთვის. მეც არ მინდოდა თავიდან გასაჯაროება, მაგრამ გირაოთი გამოშვებამ და იმის გააზრებამ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მარტივად შერჩეს, გადამაწყვეტინა, რომ არ გავჩერდებოდი. საკუთარი თავისთვის და სხვა ქალებისთვისაც. გიორგისაც არ ეგონა, რომ განცხადებას მართლა დავწერდი. ამიტომ დამტოვა და ამიტომ ავიდა სახლში. ეგონა, ეს ერთი შეხედვით საყვარელი და ნაზი გოგო ამდენს არ გაბედავდა, სხვების აზრის შეეშინდებოდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას მარიამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი