ახალი ამბები

„წინასაარჩევნო ძალადობის ნაწილია“ – ენმ-ის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს ტატუაშვილზე თავდასხმაზე

1 ნოემბერი, 2023 • 887
„წინასაარჩევნო ძალადობის ნაწილია“ – ენმ-ის მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს ტატუაშვილზე თავდასხმაზე

„ნაციონალური მოძრაობა“ დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს და მოუწოდებს, ეს „ღია პოლიტიკური ვენდეტა“ განიხილონ „2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად“.

„გიორგი არის ადამიანი, რომელმაც 2021 წელს [თვითმმართველობის] არჩევნებში რეალურად მოიპოვა გამარჯვება და 2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს – განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

„ნაცმოძრაობაში“ აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად, „საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი რუსული კრიმინალური მმართველობისგან“, ხოლო „მოძალადეები სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს“.

თავდასხმა გიორგი ტატუაშვილზე

ქალაქ დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ. როგორც თავად პოლიტიკოსი ამბობს, მისი მანქანის მიმართულებით ხუთჯერ ისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული – 236-ე და 187-ე [სხვისი ნივთის დაზიანება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება]. სხვა დეტალებზე უწყებაში ამჟამად არ საუბრობენ.

ტატუაშვილი დმანისის მერად 2017 წელს აირჩიეს – მაშინ ის „ოცნების“ წევრი იყო, თუმცა კონკურენტი კანდიდატის [კახა ოქრიაშვილი] საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის გამო 2020-ში მმართველი პარტიიდან გარიცხეს. 2021-ში იგი კენჭს იყრიდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაგრამ მეორე ტურში განიცადა მარცხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი