ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი “ავერსის” კლინიკიდან გაქცეულ 3 პატიმარს ჩაბარებისკენ მოუწოდებს

1 ნოემბერი, 2023 • 1764
იუსტიციის მინისტრი “ავერსის” კლინიკიდან გაქცეულ 3 პატიმარს ჩაბარებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე “ავერსის” კლინიკიდან დღეს, 1 ნოემბერს, გაქცეულ სამ პატიმარს ჩაბარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მან დაადასტურა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა, თუმცა დამატებითი დეტალებზე საუბრისგან ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავა:

“გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ ეთერების საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცავებს და იქნებ, ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს”, – განაცხადა მან.

ბრეგაძემ ასევე პატიმრების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართა და თქვა, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია და ნებისმიერი პირი, ვინც მათ დაეხმარება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა, ვისაც უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

დღეს “ავერსში” სამედიცინო შემოწმებაზე მიყვანილი სამი პატიმარი კლინიკის შენობიდან გაიქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი