ახალი ამბები

საქართველოში ინვესტირების დროა?

21 აგვისტო, 2010 • 1728
საქართველოში ინვესტირების დროა?

უახლოეს მომავალში საქართველოში მიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არ  უნდა ველოდოთ,  ვინაიდან ქვეყანაში შესაბამისი პირობები უბრალოდ არ არსებობს.

 მოკლე ისტორია

 2004-2005 წლებში საქართველოს წამყვან ტელეარხებზე აქტიურად ტრიალებდა სარეკლამო რგოლები – “საქართველოში ინვესტირების დროა”. 2005 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2004 წელთან შედარებით, დაახლოებით 50 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა, თუმცა 2006-2007 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების, ქართული სტანდარტებით, ბუმი დაფიქსირდა. უფრო კონკრეტულად, 2006 წელს საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მილიარდ აშშ დოლარს, ხოლო 2007 წელს  ორ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია კი 2008 წლის მესამე კვარტლიდან ფიქსირდება და ჯამში, 2007 წელთან შედარებით, 2008 წელს საქართველოში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარით ნაკლები ინვესტიცია განხორციელდა. მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2009 წელს, როდესაც შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა, 2008 წელთან შედარებით, კიდევ უფრო გაუარესდა და დაახლოებით 760 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

განსხვავებული რეალობა

გასული თვიდან  საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ვებ გვერდებზე აქტიურად ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბანკის „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ (Investing Across Borders 2010) მოხსენების მიხედვით, საქართველო, მსოფლიოს 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის. მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო  უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და მათი კომპანიებისათვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის კომპანიებისათვის ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების (შპს) შექმნა. უცხოური კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენას და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე  რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები შეავსოს და საიდენტიფიკაციო ნომერი მიიღოს. კომპანიებს  ქვეყანაში  შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური კომპანიისათვის.

ბიზნესის წამოწყება კომპანიას საქართველოში  ყველაზე მცირე დროში (საწარმოს რეგისტრაცია ერთ დღეშიც არის შესაძლებელი) შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში  33 დღეს საჭიროებს, რუსეთში – 31 დღეს, საბერძნეთში – 22 დღეს, ბულგარეთში – 20 დღეს, სომხეთში – 18 დღეს, თურქეთში – 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს,  ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე) მოითხოვს. აღსანიშნავია, 4 დღეზე ნაკლებ დროში რომ ბიზნესის დაწყება  მსოფლიოს არც ერთ გამოკვლეულ ქვეყანაში არ არის შესაძლებელი.

მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში აანალიზებს. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

აღნიშნულ რეკლამირებულ კვლევის ფონზე საინტერესოა, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჩვენა და  დაახლოებით 76 მილიონი შეადგინა. თუ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელს მომდევნო კვარტლების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ აღემატება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, ყველაზე მცირე იქნება. 

წარმოდგენილი კვლევა და არსებული რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა წერია კანონში, თუ მისი აღსრულების მექანიზმი რეალური არ არის.

საინტერესოა აღნიშნულ მოხსენებაში მოყვანილი ერთი ფაქტი. უცხოური კომპანია საქართველოში არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და  იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. სწორედ ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტების წარდგენის საჭიროება არ არსებობს, საქართველოში ხშირად გამხდარა დავისა თუ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციების საგანი.  კერძოდ, არაერთხელ თქმულა სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ საქართველოს ესა თუ ის სახელმწიფო კომპანია “ძალიან ცნობილმა” უცხოურმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა შემდგომში აღნიშნული “ძალიან ცნობილი” კომპანიის ვებ-გვერდსაც კი ვერავინ მიაკვლია. ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის შემძენი “ენერგო პრო”, ან თბილისის წყლის მფლობელი “მულტიპლექსი”. არცთუ დიდი ხნის წინათ, ამ მხრივ, კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი გახმაურდა. ყველას ეგონა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი არაბული კომპანია “რაკინ დეველოპმენტი” იყო. თუმცა ამ კომპანიის მფლობელმა ტელეკომპანია „იმედთან“ ყოველგვარი კავშირი უარყო.

მოსალოდნელი შედეგები

ინვეტიციების შემცირების ტენდენცია, ერთის მხრივ, საპრივატიზაციო ობიექტთა შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის არამდგრად პოლიტიკურ გარემოს უკავშირდება.

მსოფლიო ბანკის კვლევაში “ბიზნესის კეთება 2010”, ინვესტორთა დაცვის თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში არცთუ მოწინავე ორმოცდამეერთე ადგილზეა.

სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში მიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას არც უნდა ველოდოთ, ვინაიდან ქვეყანაში  შესაბამისი პირობები უბრალოდ არ არსებობს, ხოლო მთელ რიგ შემთხვევებში, შეიძლება ითქვას, რომ გასული წლებში არსებული პირობებიც კი გაუარესებულია.

ერთის მხრივ, 2008 წლის აგვისტოს ომმა ინვესტორებს აგრძნობინა “ქვეყნის პოლიტიკურად დაცულობის ხარისხი”. ამის ფონზე განცხადებები, რომ ომი არ დამთავრებულა და ყველა სოფელში სახალხო რაზმია შესაქმნელი, ქვეყანაში ინვესტორთა რაოდენობას ნამდვილად ვერ გაზრდის. მეორე მხრივ, დამოუკიდებელი სასამართლო არის იმის გარანტი, რომელიც ყველა ინვესტორს ქვეყანაში მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემდა, თუმცა ქვეყანაში ამ მიმართულებითაც სერიოზული პრობლემებია.

სუსტი სასამართლოსა და სახელმწიფო სტრუქტურების უნდობლობის ფონზე, ბიზნესმენთა მნიშვნელოვან დასაყრდენად არაერთხელ ქცეულა კერძო არბიტრაჟი. თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოსთან დავა შეუძლებელია. ამასთან, 2009 წლის 17 ივლისს “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და  გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოსთან დავის შემთხვევაში, ინვესტორებს აღარ აქვთ საშუალება, მიმართონ საერთაშორისო არბიტრაჟს და ეს დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში უნდა გადაწყდეს. იქიდან გამომდინარე, რომ, ზოგადად, უცხოელი ინვესტორები გაცილებით უფრო ფრთხილები არიან, ვიდრე ადგილობრივი ბიზნესმენები და  ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებამდე, წინასწარ, დეტალურად სწავლობენ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, კანონში დასახელებული ცვლილება   საქართველოში მათ აქტივობაზე აუცილებლად იმოქმედებს, თუ რიგ შემთხვევებში უკვე არ იმოქმედა.

არსებული მდგომარეობის გამოსასწორებელად, მნიშვნელოვანია ინვესტორთა დაცვის პაკეტის მომზადება, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ინვესტორთა პოლიტიკურ დაცულობას, ხოლო მეორე მხრივ, შესაბამის სამართლებრივ გარემოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი