ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ბჟანია, როგორც მთავარი დამნაშავე” – ახალი შიდაპოლიტიკური ბრძოლა აფხაზეთში

1 ნოემბერი, 2023 • 4093
“ბჟანია, როგორც მთავარი დამნაშავე” – ახალი შიდაპოლიტიკური ბრძოლა აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში მცირეხნიანი შესვენების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დაიწყო. ამჟამად დაპირისპირების თემა ხელისუფლების [დე ფაქტო – რედ] მიერ რუსული მხარის ინტერესების გატარებაა, თუმცა ოპოზიცია ყველაფერში ადანაშაულებს უშუალოდ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და ვერ ბედავს, რუსეთის სახელმწიფო გააკრიტიკოს.

ამომრჩევლის სიმპათიების მოსაპოვებლად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბრძოლის ახალი რაუნდის ოფიციალურ დაწყებად შეიძლება მივიჩნიოთ ასლან ბჟანიას პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტები პრაქტიკულად ყველა აფხაზური მედიიდან მიიწვია და ორი საათის განმავლობაში მათ კითხვებს პასუხობდა. რით შემთხვევებში, ბჟანია კითხვებს პასუხობდა, ზოგ შემთხვევაში კი ოსტატურად გაურბოდა კონკრეტიკას.

მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო “აპსნიპრესის” რედაქტორის, მანანა გურგულიას კითხვაზე ოჩამჩირეში რუსული საზღვაო სამხედრო ფლოტის ბაზირების შესახებ ბჟანიამ თქვა, რომ არსებობს ნიუანსები, რომელთა შესახებაც არ ღირს საუბარი. მას არ დაუკონკრეტებია, ეს იქნება მუდმივი ბაზირების პუნქტი თუ მხოლოდ ბაზა საბრძოლო მასალებითა და მომარაგებით.

“რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზირების პუნქტი ოჩამჩირის პორტში განთავსდება, ვინაიდან ეს შეესაბამება ჩვენს ინტერსებს. აღნიშნული მიმართულება მხოლოდ გაძლიერდება, რადგან უსაფრთხოების საკითხები, ისევე როგორც ადრე, პირველად ხასიათს ატარებს”, – უპასუხა ბჟანიამ.

საკმაოდ დიდი დრო დაუთმო ბჟანიამ იმ საკითხებს, რომლებიც საზოგადოებაში სადავოდ მიიჩნევა და რომელთა გამო ყველაზე დიდ დაპირისპირებაა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მაგალითად, აპარტამენტებისა და აპარტ -სასტუმროების მშენებლობა.

“აფხაზეთში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს აპარტამენტების მშენებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება აფხაზეთში არსებულ კანონებს. ამჟამად აპარტამენტების განთავსება ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი, რადგან არ არსებობს მსგავსი ტიპის მშენებლობების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები”, – ამბობს ბჟანია.

ამაზე კი ოპოზიციას არგუმენტის სახით მოჰყავს კრიპტოვალუტის მაინინგის ნებართვების მაგალითი. 2020 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, განსაზღვრულიყო ტექნიკური პირობები და გაცემულიყო ლიცენზიები მაინინიგის აპარატების დამონტაჟებისთვის. ამ სიახლის პასუხად კი აფხაზეთში დაიწყეს მაინინგის აღჭურვილობის მასობრივად შეტანა და დამონტაჟება ბინებშიც კი. ელექტრონერგიის მოხმარება საგრძნობლად გაზარდა, რამაც, საბოლოო ჯამში, ენერგოსისტემის კოლაფსი გამოიწვია. მალევე მაინინგი აიკრძალა და მის წინააღმდეგ სახელმწიფომ ბრძოლაც კი დაიწყო. თუმცა პროცესი უკვე მიშვებული იყო. ამ დრომდე, სამი წლის შემდეგაც, გრძელდება მსხვილი უკანონო მაინინგ-ბიზნესებისა და ფერმების აღმოჩენა.

“იგივე მოხდება აპარტამენტების შემთხვევაშიც”, – მიიჩნევენ ოპოზიციაში.

თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება ოპოზიციონერებს შორის ემოციურ ასპექტებს ეთმობა. ოპოზიცია, რომელთა შორის ვეტერანები აქტიურობენ, საუბრობს ასლან ბჟანიას “დეზერტირობაზე”.  იმაზე, რომ ის არ მონაწილებდა  1992-93 წლების საომარ მოქმედებებში და იმ პერიოდში აფხაზეთშიც კი არ იმყოფებოდა. შესაბამისად, ბჟანია ხალხის წინაშე დამნაშავედაც გამოჰყავთ.

დღეს, ომიდან 30 წლის შემდეგაც კი, აფხაზეთის ომში მონაწილეობა პოლიტიკოსის მთავარ დამსახურებად მიიჩნევა. ამიტომაც, ბჟანიას წინააღმდეგ ცდილობენ გამოიყენონ არგუმენტი, რომ ის არ მონაწილეობდა “აფხაზეთის მთავარ წარმატებაში”.

“მას არ დაუღვრია სისხლი ამ მიწისთვის, ამიტომაც ასე ადვილად შეუძლია ოლიგარქებისთვის მისი ჩამორიგება”, – ამბობენ ოპოზიციონერები.

საინტერესოა ისიც, რომ გარიგებები, სადაც მთავარი პარტნიორები რუსები არიან, ოპოზიციისთვის რუსეთის ხელისუფლებასთან არ ასოცირდებიან. ოპოზიციონერთა აზრით, ასლან ბჟანია რუს ოლიგარქებს პირადად გაურიგდა.

ეკონომისტი ახრა არისთავა მრავალ პუბლიკაციაში ირწმუნება, რომ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისება, “აპარტამენტების შესახებ კანონი, აეროპორტის მშენებლობა და მსგავსი მოვლენები, თაღლითური სქემებია, რომელსაც მხოლოდ აფხაზური მხარე ახორციელებს.

დღეს ოპოზიციაში ვერც კი ბედავენ საჯაროდ განაცხადონ, რომ დირექტივები მოსკოვიდან შეიძლება მოდიოდეს. პრაქტიკულად უკუმენტაროდ დატოვეს ამბავი იმის შესახებაც, თუ  ვინ გაიმარჯვა სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერში.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია შპს “ინფრასტრუქტურული განვითარება” სოხუმის აეროპორტის კომპლექსური რეკონსტრუქციით დაკავდება. ეს კომპანია 2023 წლის 10 ივლისს დარეგისტრირდა. გასაგებია, რომ სწორედ ამ პროექტისთვის შეიქმნა კომპანიაც.

როგორც ასლან ბჟანიამ თქვა პრესკონფერენციაზე, აეროპორტის პროექტი 2024 წლის 31 დეკემბერს “ჩაეშვება”, პირველი რეისები კი უკვე ზაფხულში განხორციელდება. აფხაზეთმა, რომლისთვისაც აეროპორტის მუშაობა ტურისტული ნაკადის ზრდას ნიშნავს, პირდაპირ ფრენებზე ჯერჯერობით მხოლოდ ბაშკირეთთან მოახერხა მოლაპარაკება.

სანამ ასლან ბჟანია აღფრთოვანებით ჰყვება აფხაზური ტურზმის მომავალზე, ოპოზიციური ტელეგრამ-არხები აგრძელებენ პრეზიდენტის მადისკრედიტირებელი ინფორმაციის მოძიებას. ერთ-ერთ უკანასკნელი სიახლე იყო იმაზე, რომ “ასლან ბჟანიას ოჯახი ბიჭვინთაში გაშენებულ ბზის ტყეს უმიზნებს. ასეთი სათაურით გამოაქვეყნა პოსტი ტელეგრამ-არხმა Respublica-მ.

“ასლან ბჟანიამ საკუთარი ცოლის ძმა თემურ ახიბა ჯერ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარედ დანიშნა, შემდეგ კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბიჭვინთის ბზის ტყე ოპერატიულ მმართველობაში გადასცა სახელმწიფო უშიშროების სამსახურს.

ეს სახელმწიფო ობიექტი უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ჯერ კიდევ ომის შემდეგ, იჯარით აქვს ცნობილ აფხაზ ბიზნესმენებს. მათ აღადგინეს ბზის ტყე და 15 წელზე მეტია მუშაობენ, იხდიან გადასახადებს. მაინცდამაინც ახლა რატომ გაუჩნდა უპერსპექტივო სურვილი ბჟანიას, “განდევნოს” ამ ობიექტიდან აფხაზეთის მოქალაქეები? ჩვენი აზრით, ამაში არაფერია გასაკვირი. ასლან ბჟანია უკვე არაერთი წელია ატარებს სისტემატურ პოლიტიკას უცხოელი ოლიგარქების ინტერესების სასარგებლოდ, მათ შორის მთავარი ადგილი კი ალექსანდრ ტკაჩოვს უკავია. აი, აქაც, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უკან შეიძლება მორიგი უცხო ქვყნის ოლიგარქის ინტერესი იდგეს, რომელმაც თვალი დაადგა ობიექტს”, – წერს ტელეგრამ არხი.

ოპოზიციის მსგავსი კრიტიკა ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ისინიც მხარს უჭერენ ხელისუფლების პოლიტიკას და სოლიდარულები არიან მისი პოზიციისა, როდესაც რუსეთის მხრიდან უსაფრხოების გარანტიებზეა საუბარი. ოპოზიციაში ამ მდრომდე არავის განუცხადებია, რომ ახალი სამხედრო ბაზა ოჩამჩირეში შეიძლება გახდეს სამიზნე და არა თავდაცვა კონფრონტაციის შემთხვევაში. არავინ უწოდებს რუსეთთან ინტეგრაციის პროცესს დამაზიანებელს, არავინ მოუწოდებს ხელისუფლებას დიალოგს საქართველოსთან, როგორც ძირითად საშუალებას, არ გადავიდეს კონფლიქტი აქტიურ ფაზაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი