რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ შეთქმულებას ავრცელებს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ „მორიგ ბიოპროვოკაციაზე“. ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, აშშ-ის განვითარების სააგენტო (USAID) ლვოვში ტრენინგზე რუსეთის წინააღმდეგ ბიოპროვოკაციას ამუშავებდა.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულ ტრენინგებზე განიხილებოდა პროვოკაცია ფრინველის გრიპის გამოყენებით, რომლის მიზანი იყო რუსეთის დადანაშაულება ბიოლოგიურ დივერსიაში.
”აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის შუამავლობით, გალიცკის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების შესახებ“, — განაცხადა კირილოვმა ბრიფინგზე.
მისივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, ასევე, დასავლური არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლები.
„ფრინველის გრიპის ვირუსს აქვს სახეობათაშორისი გადასვლის უნარი და ადამიანისთვის მაღალი ლეტალობისაა. შემთხვევითი არ არის, რომ ამ კონკრეტული პათოგენური ბიოლოგიური აგენტის გამოყენება შედიოდა ტრენინგის სცენარში“, — თქვა მან.
კირილოვის თქმით, სამუშაო სცენარის რეალიზება იგეგმებოდა ნიკოლაევის რეგიონში, სადაც უნდა „დაედგინათ“ ფრინველის გრიპით დაინფიცირების შემთხვევები და აღებული ნიმუშების გაანალიზების შემდეგ გამოეცხადებინათ, რომ „დიდი ალბათობით“ ინციდენტი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ დივერსიის შედეგად მოხდა. კირილოვის თქმით, ბოლოს რუსეთს დაადანაშაულებდნენ კონვენციის დარღვევაში და დასავლეთი ახალ სანქციებს დააწესებდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ინფორმაცია ტრენინგის მონაწილეების შესახებ.
რუსეთი უკვე წლებია, აქტიურად ავრცელებს შეთქმულების თეორიებს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ლაბორატორიებზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებს ემსახურება, მათ შორის, საქართველოში არის ლუგარის ლაბორატორია.
