83 ადამიანია დაკავებული დაღესტანში მომხდარ ანტისემიტურ გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც „ებრაელების საძებნად“ გამოსულმა ბრბომ მაჰაჩყალის აეროპორტიც კი დაიკავა თელ-ავივიდან ჩამოფრენილი რეისის გამო.
მაჰაჩყალის მერის, იუსუპ უმავოვის განცხადებით, გამოსვლების მონაწილეები ძირითადად 20-25 წლის ახალგაზრდები იყვნენ.
სისხლის სამართლის საქმე მომხდართან დაკავშირებით აღძრულია მასობრივ არეულობაში მონაწილეობის მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე პატიმრობას. თუმცა, რა ბრალდებით დააკავეს ეს 83 პირი, არაა დაზუსტებული.
ამასთან ერთად, თელ-ავივიდან ჩამოფრენილ რეისზე მართლაც იმყოფებოდნენ ისრაელის მოქალაქეები, განაცხადა რუსეთში ისრაელის ელჩმა ალექსანდრ ბენ ცვიმ. „საბედნიეროდ, მათ არაფერი დაემართათ – ყველანი გამოიყვანეს და ახლა მაჰაჩყალაში აღარ არიან“, – აღნიშნა დიპლომატმა.
გარდა ამისა, კომენტარი ანტისემიტურ გამოსვლებზე პირველად გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მომხდარში ბრალი უკრაინას დასდო.
„მოვლენები მაჰაჩყალაში ინსპირირებულია სოცქსელებით… [მათ შორის] უკრაინის ტერიტორიიდან, დასავლური სპეცსამსახურების დახმარებით. უკრაინაში, დასავლელი მფარველების ხელმძღვანელობით, ცდილობენ რუსეთში პოგრომების ინსპირირებას“, – თქვა მან.








