ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიტიკური პარტიების “სამშვიდობო” დღის წესრიგი

31 ოქტომბერი, 2023 • 1345
პოლიტიკური პარტიების “სამშვიდობო” დღის წესრიგი

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის შემდეგ, ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ტერიტორიული კონფლიქტების საომარი გზით შესაძლო მოგვარების განცდა გაჩნდა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ტერიტორიული მთლიანობის ცალსახად მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე საუბრობს, შევეცადეთ გაგვერკვია, რა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს და კონფლიქტების მოგვარების რა სტრატეგიებს სთავაზობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველს.

პარტია ,,ლელო“

კონფლიქტების მოგვარების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრისას, პარტია ,,ლელოს“ განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო, დღეის მდგომარეობით, რუსეთის მხრიდან წარმოებული განგრძობადი ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის საგარეო საფრთხეების შემცველ გარემოში არსებობს, აფხაზ და ოს მოსახლეობასთან მშვიდობიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ აქვს და მათთან ურთიერთობაში აუცილებელია წარსულის გააზრება და შერიგების პროცესის დაწყება. 

რაც შეეხება პარტიის პოლიტიკის პრიორიტეტებს, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, “ლელო” მათ თემატურად წარმოადგენს.

ამ პრიორიტეტების შესახებ ნეტგაზეთთან პარტიის ,,ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა საუბრობს.

“ესაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სახელმწიფო სტრატეგიის დახვეწა, მასზე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა და სახელმწიფო პოლიტიკის მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფა; დემოკრატიული სამყაროს მიერ არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება; საზოგადოებაში რაციონალური სახელმწიფოებრივი მიდგომების დამკვიდრება და სტერეოტიპების დაძლევა, ურომლისოდაც მომავალი შერიგება შეუძლებელი იქნება; ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების, დასაქმებისა და წარმატების იმაზე უკეთესი ალტერნატივის გაჩენა, რასაც ოკუპანტი რუსეთი სთავაზობს. მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების და ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილ შესაძლებლობებზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ,,ჟენევის ფორმატის“ ხელშეუხებლად, აფხაზებთან და ოსებთან თემატური დიალოგის რაც შეიძლება მეტი ფორმატის გაჩენა”. 

ამასთან, როგორც გალდავა ამბობს, მნიშვნელოვანია, საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ უსაფრთხოებითი თვალსაზრისით მათზე ზრუნვას, არამედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით და ა.შ. მათ მიმართ გამოჩენილ მტკიცე და განგრძობად სახელმწიფო მხარდაჭერას და მზრუნველობას; საოკუპაციო გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრები მოქალაქეების სავაჭრო-სამეწარმეო ურთიერთობის წახალისება.

“ცალკე აღნიშვნის ღირსია ანაკლიის პორტთან და ქალაქ ანაკლიასთან დაკავშირებული მასშტაბური საერთაშორისო პროექტების განახლება, რაც უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გარღვევის მოსახდენად. აფხაზებს და ოსებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ ყველა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტში.

უმნიშვნელოვანესია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ოკუპანტი ხელს ვერ შეგვიშლის და რაც გამთლიანების სახელმწიფო პოლიტიკის ურყევობის მკაფიო დემონსტრირება იქნება. ასეთი ნაბიჯია სახელმწიფოებრივი ზრუნვა საქართველოს მეორე სახელმწიფო ენაზე – აფხაზურზე. მაგალითისთვის, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალურ ორგანოებს დაევალებათ მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტაციისა და ინფორმაციის აფხაზურ ენაზე გავრცელება. ხელი შეეწყობა ლიტერატურული ნაწარმოებების აფხაზურ ენაზე თარგმნას”. 

ასევე, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვნად მიიჩნევს პარტიის წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებასა და ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას. 

როგორც ლანა გალდავა ამბობს, ,,ლელო“ შექმნის ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პირდაპირი დიალოგის ისეთ სტატუს-ნეიტრალურ ფორმატებს, რომლებიც უზრუნველყოფს საჭიროებებზე ორიენტირებულ საუბარს კულტურის, განათლების, ეკოლოგის და ჯანდაცვის საკითხებზე;

ამასთან, მისი თქმით, პარტიის პრიორიტეტებს შორისაა, საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებისა და რუსული პროპაგანდის განეიტრალების მიზნით, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის შექმნა, რომელიც, გარდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისა, ჩრდილოეთ კავკასიას და შესაძლოა, მთლიანად პოსტსაბჭოთა რუსულენოვან სივრცეს დაფარავს;

“განსაკუთრებულ პირობებში შრომის გათვალისწინებით, გალისა და ახალგორის რაიონების პედაგოგებსა და სამედიცინო პერსონალს, დანარჩენ საქართველოში მომუშავე კოლეგებთან შედარებით, უფრო მაღალი ხელფასი დაენიშნებათ. გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სხვა ჯგუფები, უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ; ასევე, გაძლიერდება ზრუნვა მეორე სახელმწიფო ენაზე – აფხაზურზე. უსაფრთხოებითი მიზნებისთვის საოკუპაციო გამყოფი ხაზების გასწვრივ  დამონტაჟდება ვიდეოთვალთვალის სისტემა”,- განმარტავს პარტია “ლელოს” წარმომადგენელი.  

პარტია “ევროპული საქართველო” 

პარტია “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ პირველ რიგში, პარტია არ ხედავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ეთნიკურ კონფლიქტებად.

“საქართველოს ამოცანაა, სწორედ იმ სტატუს-კვოს შეცვლა, რომლის ჩაბეტონებაც რუსეთმა 30 წლის წინ დაიწყო და რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია ეთნიკური კონფლიქტების შედეგია. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის აგრესიის ეთნიკურ კონფლიქტებად მონათვლა იყო რუსეთის სტრატეგიული ამოცანა, რათა ჯერ აქტიური საომარი მოქმედებების დროს ჰქონოდა შუამავლის როლი და ისე ემართა, რომ სამხედრო წარმატება დაეჩქარებინა. ხოლო აქტიური ფაზის შემდეგ ოფიციალურად მიიღო სამშვიდობო სტატუსი და ამ სტატუსით განაგრძო ქართული სუვერენიტეტის რყევა-დესტაბილიზაცია”, – აცხადებს ნეგტგაზეთთან პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

ამასთან, მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ადგილზე სხვადასხვა თემებს შორის დაპირისპირებას უარყოფს ან მის მნიშვნელობას აკნინებს, მაგრამ, ბოკერიას თქმით, შიდაეთნიკურ კონფლიქტზე აქცენტის გაკეთება იგივეა, დღეს რომ ვინმემ რუსული პროპაგანდის გარდა ისაუბროს იმაზე, რომ უკრაინაში პრობლემები ეთნიკურად რუს ან რუსულენოვან მოსახლეობასა და დანარჩენ მოქალაქეებს შორის შეუთავსებლობის ბრალია.

როდესაც ომზე და სამხედრო აგრესიაზე ვსაუბრობთ, მთავარი სუბიექტი არის ის, ვისი საომარი მანქანაც ახორციელებდა აგრესიას, ვინც აკონტროლებდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებს, ვინც რეგულარული არმიით გადაწყვიტა ომის ბედი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ერთწლიანი სისხლიანი კამპანია აფხაზეთში და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო.

დიდწილად საერთაშორისო კონიუნქტურის გამო ჩვენთვის შეუძლებელი იყო 30 წლის წინ დამკვიდრებული სტატუს-კვოს შეცვლა, მაგრამ დღეს, უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ საერთაშორისო აზრი სწორი მიმართულებით შემოტრიალდა, დასავლურმა საზოგადოებებმა რუსეთის რევიზიონისტული, აგრესიული პოლიტიკის, მისი როლის და მისი დანაშაულებების ადეკვატური შეფასება დაიწყეს”.

“ევროპული საქართველო”, როგორც ბოკერია აცხადებს, სწორედ ამ შემოტრიალებას მიიჩნევს, შესაძლებლობის ფანჯარად აღადგინოს ისტორიული სიმართლე და შეფასდეს რუსეთის როლი აფხაზეთის კონფლიქტში, რაც „ეთნიკური კონფლიქტის“ ვერსიას საფუძველს გამოაცლის და გასაგებს გახდის როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს სრულმასშტაბიანი ომი, სადაც რუსეთმა კაცობრიობის წინაშე დანაშაულები ჩაიდინა და ქართველი ხალხის მიზანმიმართული, დაგეგმილი გენოციდი მოაწყო იმისთვის, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის მიეღწია და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია და სრულფასოვანი სუვერენიტეტი შეუძლებლად ექცია.

აქვე ბოკერია საუბრობს “ევროპული საქართველოს” კამპანიაზე “ბუჩამდე იყო აფხაზეთზე” .

“ჩვენი კამპანიის განმავლობაში არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ რუსეთისა და მისი სუროგატი სტრუქტურების გაცხადებული ამოცანა აფხაზეთის ომში ეთნიკური ქართველების განადგურება იყო.

ძალიან მალე ჩვენს ექსპოზიციას, სადაც რუსეთის როლი სრულიად ახალი და შემზარავი ფორმით ჩანს, გავიტანთ დასავლეთის დედაქალაქებში და ვვარაუდობთ, რომ ოპოზიციიდანაც შევძლებთ ამ საკითხზე დისკუსიის დაძვრას დასავლეთის საკანონმდებლო ინსტიტუტებში. ერთი წელია კამპანია დაწყებულია და მრავალი საერთაშორისო კომენტატორი და ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს თემით ინტერესდება, კამპანიას მხარს უჭერს. თუმცა, ბუნებრივია, იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, „ეთნიკური კონფლიქტები“ რუსეთ-საქართველოს ომად, რუსეთი დამნაშავედ, ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულები გენოციდად შეფასდეს და რუსეთი დაისაჯოს, ივანიშვილი პუტინისტური რეჟიმის ცვლილება და ამ ხედვის მქონე პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლაა საჭირო”.

რაც შეეხება კითხვას, ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში “რევანშისტული განწყობების ზრდაზე” ქართულ საზოგადოებაში, ბოკერია მასში ნეგატიურ კონოტაციას ხედავს.

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი, გენოციდის და ეთნიკური წმენდის შედეგად გამოყრილი დევნილების სახლებში დაბრუნება და მათი უფლებების აღდგენა ნეგატიური გაგებით “რევანშიზმი” კი არა, სრულიად ლეგიტიმური ამოცანაა ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. ის, რომ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლება გაზარდოს ამის შესაძლებლობები, მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს”. 

თუმცა აქვე მიიჩნევს, რომ რუსეთის იმპერიალიზმის უკრაინაში მარცხის შემდეგ საქართველოში ეს გამოწვევები ავტომატურად არ მოგვარდება.

“უკრაინაში მარცხის შემდეგაც არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ შეინარჩუნოს სამხედრო ძალები. ამას გარდა, ადგილზე რუსეთის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამხედრო ინფრასტრუქტურა და ნომენკლატურა და იქ მცხოვრებთა  განწყობა ბუნებრივ წინააღმდეგობას შექმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის”.

საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის შანსი, როგორც ბოკერია მიიჩნევს, გაიზრდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ამ პროცესს წარმართავს ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერის პოზიციიდან და იმისთვის, რომ ამას მიაღწიოს ქვეყანამ, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება და მყარი საერთაშორისო მხარდაჭერა. 

საერთაშორისო მხარდაჭერაში, როგორც ბოკერია ამბობს, პირველ რიგში, NATO-ში გაწევრიანება და/ან შეერთებულ შტატებთან მჭიდრო სამხედრო ალიანსი იგულისხმება. ასევე, საქართველოს სამეზობლოში, მათ შორის თურქეთში, და დასავლურ სამყაროში აქტიური დიპლომატიური მუშაობა და ამ დაპირისპირების ლეგიტიმურ და ზუსტ ჭრილში წარმოჩენა.  

“ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს საბოლოო და შეუქცევადი ტრანსფორმაცია დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიად, სადაც ყველა მოქალაქეს თუ მოქალაქეთა ჯგუფს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, განარტირებული აქვს სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, არის ჩვენი ქვეყნის თანასწორი თანამესაკუთრე და სადაც, გარდა თავდაცვის, უსაფრთხოების და საგარეო სფეროებისა, განხორციელდება რადიკალური დეცენტრალიზაცია და ჩამოყალიბდება  რეგიონული თვითმმართველობების მკაფიო მოდელი”, – ამბობს ბოკერია. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

“კონფლიქტების მოგვარებაზე” ნეტგაზეთთან საუბრისას, ასევე, გამორიცხავს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების არსებობას პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და აცხადებს, რომ საქართველოს არ გააჩნია შიდა კონფლიქტები. 

“ეს მცდარი ტერმინია, რუსული ნარატივი. საქართველოს აქვს მხოლოდ ერთი კონფლიქტი და ეს არის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან. შიდა კონფლიქტები საქართველოში არ არსებობს. საქართველოს არაფერი გასაყოფი არ აქვს არც აფხაზებთან, არც ოსებთან. ჩვენ არასოდეს მათთან პრობლემა არ გვქონია. ჩვენი ტერიტორიები უკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და საქართველო იმყოფება კონფლიქტურ, საომარ მდგომარეობაში რუსეთის ფედერაციასთან. იმ 20%-ზე მეტი ტერიტორიების ოკუპაციაში მოხვდა ის ხალხიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ეს არის ძალიან პრინციპული სხვაობა რუსული ოცნების ნარატივთან”, – ამბობს პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი დიმიტრი შაშკინი. 

რაც შეეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიას, როგორც შაშკინი განმარტავს, ის ეფუძნება მშვიდობას და იმას, რომ:

“ძალიან მალე რუსეთის ფედერაცია დაიშლება, არ ექნება აღარანაირი შესაძლებლობა საქართველოს ოკუპაციის გასაგრძელებლად. ის დამარცხდება უკრაინასთან ომში და ჩვენ ამასობაში, მშვიდობით, მოლაპარაკებებით, მას შემდეგ, რაც  გავა ამ რეგიონებიდან და არ ექნება არც რესურსი და არც სურვილი ოკუპაციის გაგრძელებისა, რადგან დაკავებული იქნება შიდა პრობლემებით, მშვიდობიანად მოვძებნით საერთო ენას აფხაზებთანაც და ოსებთანაც”. 

თუმცა იქამდე, როგორც პარტიაში მიიჩნევენ, საქართველომ უნდა გააძლიეროს სახელმწიფო, ეკონომიკა და აღადგინოს “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები. 

“როდესაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდება, ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი სამუშაო და ეს პროცესი არ იქნება მარტივი. როდესაც შენს ქვეყანაში თარეშობს რუსეთი, ხარ რუსეთის გუბერნია და ცდილობენ გაგხადონ რუსეთის გუბერნია, ეს არასოდეს იქნება სასარგებლო აფხაზეთისა და ოსეთის დასაბრუნებლად. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მას შემდეგ, რაც აღადგენს ქვეყანა ინსტიტუტებს, ეკონომიკას და დაუბრუნდება მას 2022 წლამდე არსებული სიძლიერე, მოშორდება “ქართული ოცნება” და რუსეთი დამარცხდება უკრიანასთან და აღარ ექნება რესურსი და სურვილი ოკუპაციისა”. 

ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებისგან განსხვავებით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დეკლარირებულად საუბრობს  “კონფლიქტებზე” და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ორ ძირითად მიმართულებაზე – ქვეყნის დეოკუპაციას და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებების შერიგებაზე. 

ამავე დროს, “ქართული ოცნება” კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთ გასაღებად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, სტაბილურობას, ეკონომიკური კეთილდღეობაა და ევროპული მოდელის სახელმწიფოს მშენებლობას ასახელებს. 

“მოუგვარებელი კონფლიქტი და არსებული ვითარება არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში არ შედის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სამშვიდობო პროცესმა შეიძინოს მეტი დინამიკა. საქართველოს ხელისუფლების უპირველესი ინტერესი არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანასა და რეგიონში, რაც არ უნდა გაიგივდეს არსებული ვითარების სტაბილიზაციის მცდელობასთან. 

სწორედ კონფლიქტის მოგვარება არის მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის წინაპირობა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია უფრო დინამიკური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შერიგებისა და ნდობის მშენებლობის, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების, შექმნილი ვითარების ტრანსფორმაციისა და ,შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნისაკენ”, – ვკითხულობთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხედვაში. 

კონფლიქტების “მხოლოდ მშვიდობიანი გზით” მოგვარებაზე ნეტგაზეთთან საუბრობს ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტიაც “საქართველოსთვის”.

“როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გვესმოდეს სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი – პროცესი უნდა იყოს მშვიდობიანი; ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მომავალმა თაობებმა წარსულის შეცდომები გაიმეორონ, 90-იანების ეთნოწმენდას ვერ ვუპასუხებთ იგივე მიდგომით 21-ე საუკუნეში”, – განუცხადა  ნეტგაზეთს პარტიის წარმომადგენელმა ქეთევან ბაკარაძემ. 

მეორე საკითხად პარტიაში მნიშვნელოვანად მიიჩნევენ შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთი, როგორც უმთავრესი დაბრკოლება მოცემულობაში აღარ უნდა იყოს; 

მესამე ფაქტორად კი სახელდება სანდო შუამავლის, საქართველოს დასავლელი პარტნიორების ჩართულობა, რაც, თავის მხრივ, დევნილების უსაფრთხო დაბრუნებისა და შემდგომი დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური ტრანზიციების განხორციელებას ითვალისწინებს. 

“ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ სანამ რუსეთი გავა რეგიონიდან, არაფერი ვაკეთოთ, და არც იმას, რომ ოკუპანტის გასვლასთან ერთად წარსულს ავტომატურად დავივიწყებთ და ხალხებს შორის ძველი ურთიერთობები აღდგება. რეკონსილაცია გრძელი და მტკივნეული პროცესია, რომელშიც ჩართულ მხარეებს, რიგითი მოქალაქიდან დაწყებული, პოლიტიკური ხელმძღვანელობით დამთავრებული, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ამ პროცესისთვის მზადება უკვე უნდა დავიწყოთ”.

როგორც ბაკარაძე განმარტავს, სისტემური, ე.წ. ფუნქციონალისტური მიდგომა ერთადერთი გზაა მრავალდონიანი პროცესის ეფექტურად დაგეგმვისთვის – საერთაშორისო დონეზე ეს არის ევროპული ინტეგრაცია, ადგილობრივ დონეზე კი “რეინტეგრაციულ პრაქტიკებად უნდა ითარგმნებოდეს შესაძლებლობების გაჩენა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”. 

“ეს მიდგომა უნდა იყოს მთავარი ოპერაციული მიზანი, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს თავიანთი ადგილი ექნებათ. უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზებსა და ოსებს დიდი ხანია აღარ აქვთ საკუთარი მარიონეტული რეჟიმების ნდობა (განსაკუთრებით აფხაზებს). ისინი უკვე აცნობიერებენ, რომ რუსეთი მეგობარი არ არის. დღეს ეს ორი ეთნოსი ფაქტობრივად ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას, როგორც დემოგრაფიული, ისე იდენტობის დაკარგვის თვალსაზრისით. რუსეთის მხრიდან მათი ასიმილაციის პროცესი დაწყებულია. ეს უკვე ხელშესახები მოცემულობაა. დღეს აფხაზები სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ მშობლიურ ენაზე. 

ზოგადასაგანმანათლებლო სივრცეებში (გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე აფხაზური სკოლის დაწყებითი კლასი), უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე ხორციელდება, ისევე, როგორც საქმისწარმოება სრულიად ყველა უწყებაში. აფხაზური და ოსური ეთნოსის თვითმყოფადობის გადარჩენის გასაღები ჩვენს ხელშია და ჩვენი ამოცანაა, მათ გაიაზრონ, რომ სწორედ საქართველოში უჩნდებათ ყველა შესაძლებლობა და პირობა იმისათვის, რომ განვითარდნენ, შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და მონაწილეობა მიიღონ საერთო, ღირსეული სახელმწიფოს მშენებლობაში”.

ამასთან, პარტიაში “საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ  აქტიურად მუშაობდეს ამ მიმართულებით, თანამშრომლობდეს სტრატეგიულ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე, სრულიად საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს. 

“მმართველი გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას გულისხმობს შეზღუდული სუვერენიტეტითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე. დრო ჩვენს სასიკეთოდ არ იმუშავებს. დღესვე უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესში ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმის შექმნა. მსოფლიოში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, სადაც მხოლოდ პოლიტიკოსებმა მოახერხეს მშვიდობის მშენებლობის წარმატებით დასრულება, იქნებიან ეს რელიგიური ლიდერები თუ პროფესიული წრეების წარმომადგენლები, ყველა უნდა მონაწილეობდეს აფხაზებთან და ოსებთან შეხების წერტილების გამოძებნაში. ერთმანეთის შესახებ საუბრის ნაცვლად, ერთთმანეთთან საუბარი უნდა იყოს მთავარი პრინციპი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი