ახალი ამბები

„პოლიტიკური პაემნისთვის არ არის“ – პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლაზე ისევ უარს ეუბნება

30 ოქტომბერი, 2023 • 916
„პოლიტიკური პაემნისთვის არ არის“ – პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლაზე ისევ უარს ეუბნება

დღეს, 30 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ მიმართეს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეთ.

პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს. თუმცა შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, 2022 წლის დეკემბრიდან დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება შეჩერებული აქვთ.

სააკაშვილთან შესვლის ნებართვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ მოითხოვა. მისი თქმით, პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდეთ. როგორც ხვიჩია ამბობს, სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში სრულად დაბრუნდა და მის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარს აზრი არ აქვს.

“ეს ადამიანი აშკარად აცხადებს თანხმობას და სურვილს პოლიტიკაში ჩართულობის. თქვენც ნახეთ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მგონია, რომ თქვენი ეს შეზღუდვა არის დეპუტატის საქმიანობის და პოლიტიკური პროცესის [შეზღუდვა]. საარჩევნო წელია და ყველა ამბობთ, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეალური ლიდერი და ერთპიროვნული მმართველია. თუ გვინდა, რომ ნორმალური საარჩევნო გარემო გვქონდეს, ამ ადამიანთან პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, მისი პოზიციის მოსმენა, არის მნიშვნელოვანი“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ შალვა პაპუაშვილს.

მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვის საკითხს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც. მისი თქმით, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატებს სააკაშვილის მონახულების უფლება შეუჩერდათ, სრულიად გაუმართლებელი და უკანონოა.

ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატების სააკაშვილთან შეხვედრები სინამდვილეში „პოლიტიკური პაემნის“ ხასიათს ატარებდა და პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა ამას არ ითვალისწინებს.

მისი თქმით, არ არსებობს საჭიროება, რომ სააკაშვილის პირობები დამატებით იქნას გადამოწმებული.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკური პარტიის წევრი იყოს.

„რადგან თქვენ ამას ასე ადასტურებთ, გამოდის, რომ ის არის არაფორმალური მმართველი თქვენი პოლიტიკური ძალის, რაც არის კანონმდებლობის დარღვევა. ფაქტობრივად, გამოშიგნული გაქვთ კანონმდებლობის არსი, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე არის პარტიის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ის უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს თქვენი პარტიის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი