ახალი ამბები

„შიშისგან გული გაუსკდა“ — ისრაელში 9 წლის თამარ ტორფიაშვილი დაიღუპა

29 ოქტომბერი, 2023 • 2043
„შიშისგან გული გაუსკდა“ — ისრაელში 9 წლის თამარ ტორფიაშვილი დაიღუპა

ისრაელში 9 წლის თამარ ტერფიაშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ისრაელური მედიასაშუალება Times of Israel იტყობინება, მას გასულ კვირას, სამხრეთით მდებარე ქალაქ აშდოდში საჰაერო სირენების ჩართვისას შიშის გამო გულის შეტევა დაემართა და მას შემდეგ საავადმყოფოში იყო.

აღნიშნული სირენები ჩაირთო მაშინ, როცა ღაზიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. სირენები მოსახლეობას მოსალოდნელ სარაკეტო თავდასხმაზე აფრთხილებს, რათა მათ თავშესაფარში შესვლა მოასწრონ.

„ის არ გარდაცვლილა, ის მოკლეს. ამ სირენამ მოკლა ის და არა დანამ ან იარაღმა“, — BBC ციტირებს თამარის მამის, აბრაამის სიტყვებს.


ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

საერთაშორისო უფლებადაცვითი და ჰუმანიტარული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში პალესტინელთა „კოლექტიური დასჯაა“ და საუბრობენ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რომელიც 2 მილიონზე მეტ ადამიანს ეხება.

მთავარ ფოტოზე: დაბომბილი ღაზა. EPA-EFE/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი