ახალი ამბები

დღეს რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

28 ოქტომბერი, 2023 • 3430
დღეს რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

დღეს, 28 ოქტომბერს, რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა. ხევი-შორაპნის 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს.

მთავრობის განცხადებით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით შეამცირებს. ის დააკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთებს.

მაგისტრალური გზის გახსნას მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გზის გახნისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა,  ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის მსგავსი სირთულის და  გადაწყვეტის თვალსაზრისით, ქვეყანაში აქამდე არ განხორციელებულა.

„ყველაზე რთული, გამოწვევებით აღსავსე მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა, გრძელდება ეს პროცესი“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართულია მაგისტრალური გზის მშენებლობაში, მათ შორის სახელმწიფო უწყებებს და დონორებს.

„მე არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, ასევე, ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ გრანდიოზული, საუკუნის, მე ასე ვიტყოდი, პროექტის განხორციელების დაფინანსების პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ცნობით, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. დღეისათვის 48 გვირაბი უკვე გაჭრილია, 83 ხიდი კი უკვე აშენებული.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე 2024 წელს დასრულდება და გეგმის მიხედვით, რიკოთის მონაკვეთი მომავალი წლის ბოლოს გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი