ახალი ამბები

„ჰამასის“ თქმით, ყველა მძევალი მათ არ ჰყავთ და მოსაძებნად დრო სჭირდებათ

27 ოქტომბერი, 2023 • 1133
„ჰამასის“ თქმით, ყველა მძევალი მათ არ ჰყავთ და მოსაძებნად დრო სჭირდებათ

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ განცხადებით, ღაზის სექტორში მყოფი ისრაელელი „სამოქალაქო მძევლების“ გასათავისუფლებლად მზადაა, მაგრამ მათ პოვნას დრო დასჭირდება. ამის შესახებ რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ უთხრა აბუ ჰამიდმა, მოსკოვში მყოფი „ჰამასის“ დელეგაციის წარმომადგენელმა.

„დრო გვჭირდება, რომ ისინი [მძევლები] ღაზის სექტორში ვიპოვოთ და შემდეგ, გავათავისუფლოთ“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ამისთვის „მშვიდი ვითარებაა“ საჭირო, რის გამოც „ჰამასი“ ვერ მოახერხებს ტყვეების გათავისუფლებას მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ის ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე 50 მძევალი დაიღუპა ისრაელის მხრიდან დაბომბვის შედეგად.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 7 ოქტომბერს დაესხა თავს ისრაელს და თავდასხმის პირველ ეტაპზე სხვადასხვა დასახლებაში მოაწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. მოკლულია, სულ მცირე, 1400-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, რის შედეგადაც ასევე იხოცებიან  მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

„ჰამასის“ ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.„ჰამასმა“ ამ დრომდე მხოლოდ 4 ქალი მძევალი გაათავისუფლა. გატაცებულთა შორის 30-მდე ბავშვია.

ბავშვები, რომელიც ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩებიან. ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი