ახალი ამბები

სლოვაკეთი აღარ მიაწვდის უკრაინას იარაღს, მაგრამ გააგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას

26 ოქტომბერი, 2023 • 1128
სლოვაკეთი აღარ მიაწვდის უკრაინას იარაღს, მაგრამ გააგრძელებს ჰუმანიტარულ დახმარებას

სლოვაკეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიკომ განაცხადა, რომ მისი სამპარტიული კოალიციური მთავრობა წყვეტს უკრაინის სამხედრო დახმარებას, რითაც ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს.

სლოვაკეთის წინა, დროებითმა მთავრობამ შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება ამ თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ფიკოს პარტია „სმერმა“ ხმების 23% მიიღო 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში. პოლიტიკურმა ძალამ კოალიცია შექმნა ყოფილი დეპუტატის პიტერ პელეგრინის ზომიერ და ულტრანაციონალისტურ, პრორუსულ სლოვაკეთის ეროვნულ პარტიებთან ერთად. ოთხშაბათს, 25 ოქტომბერს, ფიკო ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას პრემიერ-მინისტრის რანგში.

The Guardian-ის ცნობით, დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე წასვლამდე ფიკომ დეპუტატებს განუცხადა, რომ სლოვაკეთი „აღარ მიაწვდის იარაღს უკრაინას“, მაგრამ გააგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას.

„მე მხარს დავუჭერ ნულოვან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებელი შეწყვეტა არის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც გვაქვს უკრაინისთვის. ევროკავშირი იარაღის მიმწოდებლიდან მშვიდობისმყოფელად უნდა გარდაიქმნას“, — დასძინა ახალმა პრემიერმა.

მან ასევე თქვა, რომ ხმას არ მისცემს რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციას, სლოვაკეთზე მათი გავლენის ანალიზის გარეშე.

„თუ იქნება ისეთი სანქციები, რომლებიც დაგვაზიანებს, როგორც სანქციების უმეტესობა, მე ვერ ვხედავ მათი მხარდაჭერის მიზეზს“, — დასძინა სლოვაკეთის პრემიერმა.

სლოვაკეთი კიევის მტკიცე მხარდამჭერი იყო რუსეთის შეჭრის შემდეგ — გახსნა საზღვრები ომიდან გაქცეული ლტოლვილებისთვის და უკრაინას აწვდიდა საბრძოლო მასალასა და იარაღს. სლოვაკეთმა უკრაინას ასევე გადასცა საბჭოთა MiG-29 ავიაგამანადგურებლების მთელი ფლოტი.

რობერტ ფიკო მეოთხედ იკავებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2018 წელს ის იძულებული გახდა, გადამდგარიყო გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუჩიაკის და მისი საცოლის მკვლელობის შემდეგ დიდი სახალხო პროტესტის ფონზე. კუჩიაკი იძიებდა მაფიის სავარაუდო შეღწევას ფიკოს მთავრობაში.

სლოვაკეთის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პრორუსმა პოპულისტებმა აიღეს

მასალების გადაბეჭდვის წესი