ახალი ამბები

„უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ — WHO ღაზაში სამედიცინო მარაგების უწყვეტ მიწოდებას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2023 • 1419
„უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფა“ — WHO ღაზაში სამედიცინო მარაგების უწყვეტ მიწოდებას ითხოვს

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ (WHO) აცხადებს, რომ სამედიცინო მარაგები, რომელიც ღაზაში უნდა შეეტანათ, ეგვიპტეშია გაჩერებული. როგორც The Guardian წერს, საუბარია 3 700 პაციენტისთვის ქირურგიულ ინვენტარზე და სამედიცინო სერვისების გაწევისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, რომელიც 110 000 ადამიანზეა გათვლილი, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე 20 000 პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტებზე.

„საწვავისა და სამედიცინო მარაგების გარეშე ღაზის საავადმყოფოები უპრეცედენტო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოითხოვს უწყვეტ წვდომას ღაზაში შესვლაზე, რათა სამედიცინო სერვისები არ შეფერხდეს“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელმა ეგვიპტის გავლით ღაზაში ნებართვა გასცა 60 სატვირთოს შესვლაზე, თუმცა, პირველადი დახმარების სპეციალისტების თქმით, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ტვირთების იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ღაზის სექტორს ომის დაწყებამდე მიეწოდებოდა.

ღაზის საავადმყოფოებზე ინფორმაცია გაავრცელა წითელი ჯვრის მისიამაც. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყოვლისმომცველი ბლოკადისა და საწვავის მარაგების ამოწურვის გამო ვითარება ქაოსურია, რასაც თან სდევს ისრაელის მხრიდან ტერიტორიის მუდმივი დაბომბვა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტები აცხადებენ, რომ მოინახულეს ღაზის ორი ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი, სადაც სამედიცინო მარაგები და საწვავი იწურება. გამოცემა წერს, რომ საავადმყოფოების პერსონალის დიდი ნაწილი თავადაც დაზარალდა კონფლიქტის გამო. წითელ ჯვარზე დაყრდნობით The Guardian წერს, რომ პერსონალი 24-საათიან ცვლებში უწყვეტად, შესვენების გარეშე აგრძელებს მუშაობას. მათი ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, სახლში არ დაბრუნებულა:

„ჩვენი ვიზიტის დროს ძლიერი დაბომბვა მიმდინარეობდა, მთელი საავადმყოფო შოკმა მოიცვა. საავადმყოფოები ავადმყოფებისა და დაჭრილებისთვის უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს. ამ ვითარებაში კი იქ მყოფი ადამიანები თავს დაცულად არ გრძნობენ“, — ამბობს წითელი ჯვრის წარმომადგენელი.

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 7 ოქტომბერს დაესხა თავს ისრაელს და თავდასხმის პირველ ეტაპზე სხვადასხვა დასახლებაში მოაწყო მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. მოკლულია, სულ მცირე, 1400-ზე მეტი ადამიანი, 200-ზე მეტი კი ღაზის მიმართულებით გაიტაცეს. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა დაიწყო ღაზის სექტორის დაბომბვა, რის შედეგადაც ასევე იხოცებიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. „ჰამასის“ ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აჭარბებს.

მთავარ ფოტოზე: ღაზის დაბომბვისას დაშავებულები/EPA-EFE/MOHAMMED SABER

მასალების გადაბეჭდვის წესი