ახალი ამბებისაზოგადოება

სწავლის პროცესი ახლა უფრო სახალისოა – LINKS პროექტით პროფესიული სასწავლებლები გაძლიერდნენ

25 ოქტომბერი, 2023 • 1405
სწავლის პროცესი ახლა უფრო სახალისოა – LINKS პროექტით პროფესიული სასწავლებლები გაძლიერდნენ

LINKS-ი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროგრამაა, რომლის საშუალებითაც საქართველოში 15 პროფესიული სასწავლებლის 169 მასწავლებელმა აიმაღლა კვალიფიკაცია და გაცვალა ინფორმაცია და გამოცდილება კოლეგებთან.

პროგრამაში მონაწილე მასწავლებელთაგან ერთ-ერთია ნათია ჟოჟუაშვილი, რომელიც მეწარმეობის მოდულს ასწავლის კასპის პროფესიულ სასწავლებელსა და გორის კოლეჯ „განთიადში“.

პროგრამის ფარგლებში სემინარები და გაცვლითი ვიზიტები მასწავლებლებისთვის განსხვავებული შესაძლებლობების მისაცემად, პრობლემების გადაჭრის გზების შესათავაზებლად დაიგეგმა. ნათია ამბობს, რომ ცოდნის შეძენისა და გადაცემის ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა პროფესიული სასწავლებლებისთვის.

ნათიამ LINKS-ის პროექტში მეწარმეობის სწავლების ტრენინგები გაიარა, გაიცნო კოლეგები სხვა სასწავლებლებიდან, აღმოაჩინა, რომ ბევრი საერთო პრობლემა ჰქონდათ, მერე კი დარგობრივი ქსელის წევრი გახდა. სწორედ ამ ქსელის საშუალებით გაუზიარებენ სამომავლოდ პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები ერთმანეთს გამოცდილებას, დაკვირვებებსა და მიღწევებს.

ნათია ამბობს, რომ აქამდე სასწავლო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რთული ენით შედგენილი მეწარმეობის სახელმძღვანელო იყო, რომელიც რეალურ, პრაქტიკულად გამოსადეგ მაგალითებს არ სთავაზობდა სტუდენტებს.

ნათია ჟოჟუაშვილი – მეწარმეობის მოდულის მასწავლებელი კასპის პროფესიულ სასწავლებელსა და გორის კოლეჯ „განთიადში“

LINKS-ის პროგრამამ ამ ხარვეზის გამოსწორებაშიც შეუწყო ხელი მასწავლებლებს და ნათია თავად ჩაერთო მეწარმეობის ახალი სახელმძღვანელოს თითოეული თავის მომზადებაში:

„მარტივი, გასაგები აქტივობებითაა ახალი სახელმძღვანელო სავსე, ქართული და უცხოური, მარტივად აღსაქმელი მაგალითებით. ჩვენი მიზანი ცოდნის ისე გადაცემაა, რომ სტუდენტმა მერე ადვილად შეძლოს დასაქმება“ ,– ამბობს ნათია.

თამარ დიასამიძე კოლეჯ „ბლექსის“ მასწავლებელია ბათუმში და ასწავლის მოდულს -„კომუნიკაცია სერვისის სფეროსთვის“. ეს ტურიზმის მიმართულებაა და მოიცავს კულინარიის, კონდიტერიის, სასტუმრო და სარესტორნო საქმის სწავლებას.

აქამდე თამარს ლექციებზე ასახსნელი თემების ძიება სხვადასხვა სახელმძღვანელოში უწევდა. სტუდენტებისთვის სწავლა რომ გაემარტივებინა, თამარი სახელმძღვანელოებიდან რამდენიმე ეგზემპლარად აკეთებდა ქსეროასლს ყველასთვის. ეს კოლეჯისთვის დამატებითი რესურსის, მასწავლებლისთვის კი  – დამატებითი დროის ხარჯვას ნიშნავდა.

„მაგალითად, როცა სტუდენტს უხსნი, როგორ უნდა ეცვას კონდიტერს, როგორი უნდა იყოს მისი სამუშაო გარემო, როგორია ჩაცმისა და სხვა მნიშვნელოვანი სტანდარტი, აუცილებელია გქონდეს მაგალითები. ყოველთვის მინდოდა, რასაც ვასწავლიდი, ერთ წიგნად ყოფილიყო შეკრული.

LINKS-ის პროგრამის დახმარებით სწორედ ასეთი სახელმძღვანელო შეიქმნა, მეც ვიყავი მომზადების პროცესში ჩართული სხვა მასწავლებლებთან ერთად. მინდოდა, ყველა თემის განხილვისას თეორიულ მასალასთან ერთად შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებიც გვქონოდა წიგნში, ზუსტად ასეთი გამოვიდა სახელმძღვანელო, რაც სწავლას ბევრად უფრო სახალისო პროცესად აქცევს“, – ამბობს კოლეჯ „ბლექსის“ მასწავლებელი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერი.

თამარ დიასამიძე – კოლეჯ „ბლექსის“ მასწავლებელი, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერი

ეფექტური კომუნიკაციის სახელმძღვანელო, რაზეც თამარ დიასამიძე საუბრობს, მხოლოდ ერთ-ერთია იმ 6 სახელმძღვანელოდან, რომელიც LINKS-ის პროექტით მომზადდა.

LINKS-ის პროექტით მომზადებული სახელმძღვანელოები:

  • პედაგოგის კომუნიკაციური კომპეტენცია
  • პედაგოგის ციფრული კომპეტენცია
  • ზრდასრულთა სწავლების მეთოდები
  • პროექტის წერისა და მართვის საფუძვლები პედაგოგებისთვის
  • ანტრეპრენერობის ინტერაქციული სახელმძღვანელო
  • ონლაინ სამუშაო სივრცის სახელმძღვანელო

სახელმძღვანელოების ნაწილი პროფესიული სწავლების პროცესში უკვე დაინერგა.

პროგრამა LINKS-ი – „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ პროფესიულ სასწავლებლებს სწავლების ეფექტურობის გაზრდაში ეხმარება: ახალი სასწავლო მასალებით, ადამიანური რესურსის გაძლიერებით და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებით.

პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითად, რუსთავის კოლეჯ „მოდუსის“ მასწავლებელ გენო იმერლიშვილს ხშირად მიმართავენ კითხვებით მომავალი სტუდენტები და ინტერესდებიან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რომელ პროფესიულ სასწავლებელს რა შესაძლებლობები აქვს.

გენო დაინტერესებულ პირებს ყოველთვის ეხმარებოდა ინფორმაციის მოპოვებაში, რეკავდა სხვადასხვა ადგილას, არკვევდა, ვის რა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და შესაძლებლობა ჰქონდა სასწავლებელში.

ხანდახან სტუდენტები ისეთი პროფესიებით ინტერესდებოდნენ, რაც კოლეჯ „მოდუსში“ არ ისწავლებოდა, მაგრამ გენო ცდილობდა სხვა პროფესიული სასწავლებლები შეეთავაზებინა მათთვის, სადაც ესა თუ ის მიმართულება ჰქონდათ.

„სხვადასხვა კოლეჯის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიწევდა სტუდენტებისთვის, ისე, რომ მასწავლებლებს არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, რა ბაზა ჰქონდათ. LINKS-ის პროექტს ამ პრობლემის არსებობა არ გამოჰპარვია, დაიგეგმა სასწავლო ვიზიტები, დასავლეთ საქართველოს კოლეჯების მასწავლებლებს დაგვათვალიერებინეს აღმოსავლეთ საქართველოს კოლეჯები და პირიქით.

ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთის ხედვების შესახებ. ახლა მეცოდინება, რომელ სასწავლებელს რა რეკომენდაცია უნდა გავუწიო, რა პრობლემისას რომელ კოლეგას ვკითხო რჩევა. ვიცი, ვინ სად და რა პროგრამას ასწავლის, რა რესურსი აქვთ და გამოცდილება“, – ამბობს „მოდუსის“ წარმომადგენელი.

გაცვლითი ვიზიტები პროფესიული განათლების ხელშესაწყობად შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში მოეწყო 

  • პროფესიული სასწავლებლების 24 წარმომადგენელი ეწვია გურიისა და აჭარის პროფესიულ სასწავლებლებს: კოლეჯი „ჰორიზონტი“, კოლეჯი „ახალი ტალღა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია.
  • 15 პარტნიორი სასწავლებლის 32-მა წარმომადგენელმა მოინახულა: კასპის პროფესიული კოლეჯი, გორის უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი, კოლეჯი „განთიადი“, კოლეჯი „ამაგი“, მარნეულის კოლეჯი, კოლეჯი „მოდუსი“ და მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი.

პროექტი LINKS-ი ერთ-ერთია იმ ცხრა პროექტიდან, რომელსაც ევროკავშირის პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (Skills4J) აფინანსებს პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტების მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო ადგილების მოძიებაში, პროფესიული განათლების გაძლიერებით, უწყვეტი განათლების შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და მეწარმეობის ხელშეწყობით.

LINKS-ი მიზნად ისახავს ცოდნისა და უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსების გაზრდას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისად.

________________________

სტატია მომზადდა „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“[LINKS] პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ (skills4jobs) „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი