ახალი ამბები

ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო

25 ოქტომბერი, 2023 • 1303
ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო

ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel.

ისრაელის პროტესტის მიზეზი გახდა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გუტიერეშის გამოსვლა, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო.

მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის შესახებაც ისაუბრა:

„პალესტინელი ხალხი 56 წელია სულთამხუთავ ოკუპაციაში ცხოვრობს. ისინი ხედავენ, როგორ შთანთქავს მათ მიწას ისრაელის ახალი დასახლებები და როგორ არის გავრცელებული ძალადობაც. მათი ეკონომიკა მოგუდულია, მათი ხალხი დევნილად იქცა და სახლებიც დანგრეულია. მათი იმედები საკითხის პოლიტიკურ მოგვარებასთაბ დაკავშირებით კი ქრება“, — განაცხადა გუტიერეშმა.

თუმცა გაეროს გენმდივანმა ისიც აღნიშნა, რომ ეს არ ამართლებს „ჰამასის“ თავდასხმას, ხოლო თავდასხმა არ ამართლებს ისრაელის მხრიდან „პალესტინელთა კოლექტიურ დასჯას“.

გუტიერეშის გამოსვლას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ისრაელში. გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა „შოკის მომგვრელად“ შეაფასა მისი განცხადებები და აღნიშნა:

„გაეროს გენერალური მდივანი, რომლისთვისაც გასაგებია ბავშვთა, ქალთა და ხანდაზმულთა მასობრივი მკვლელობის კამპანია, გაეროს ვერ უხელმძღვანელებს. მოვუწოდებ, გადადგეს“.

ელი კოენმა, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გააუქმა ნიუ-იორკში გასამართი შეხვედრა გუტიერეშთან. გაეროს გენმდივანი გააკრიტიკა ისრაელის საომარი კაბინეტის წევრმა, ოპოზიციონერმა ბენი განცმაც – „ბნელია დღეები, როცა გაეროს გენერალური მდივანი ამართლებს ტერორს“.

ამასთან ერთად, ისრაელი  აღარ გასცემს ვიზებს გაეროს წარმომადგენლებისთვის. ელჩ ერდანის თქმით, ვიზაზე უკვე უარი ეთქვა მარტინ გფიფითსს, გუტიერეშის მოადგილეს ჰუმანიტარულ საკითხებში.

„დროა, მათ გაკვეთილი ვასწავლოთ“, – აღნიშნა ერდანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი