ახალი ამბები

აშშ-ის ცნობით, 20-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა ერაყსა და სირიაში ბაზებზე თავდასხმის შედეგად

25 ოქტომბერი, 2023 • 1006
აშშ-ის ცნობით, 20-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა ერაყსა და სირიაში ბაზებზე თავდასხმის შედეგად

ბოლო კვირის განმავლობაში ოცზე მეტი ამერიკელი სამხედრო დაიჭრა ერაყსა და სირიაში მდებარე ბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად. „ენ-ბი-სი“-ს ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელთა დაჭრა პენტაგონში წინა კვირას დაადასტურეს, მაგრამ დაჭრილთა რიცხვი არ დაუსახელებიათ.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ოცი სამხედრო დაშავდა 18 ოქტომბერს სამხრეთ სირიაში, ალ-თანფის ბაზაზე დრონების თავდასხმისას. იმავე დღეს კი კიდევ ოთხი სამხედრო დაიჭრა დასავლეთ ერაყში, ალ-ასადის ბაზაზე თავდასხმისას.

უწყების განცხადებით, ყველა სამხედრო უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებებს. თუმცა, თავშესაფარში ყოფნისას, გულის შეტევით დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირი – კერძო კონტრაქტორი.

პენტაგონის პრესსპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, წინა კვირის განმავლობაში დრონების და რაკეტების გამოყენებით აშშ-ის და კოალიციის ბაზებს, სულ მცირე, ათჯერ დაესხნენ თავს ერაყში და სამჯერ სირიაში. პენტაგონში მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფრის უკან ირანის მხარდაჭერილი ჯგუფები და საბოლოო ჯამში, თავად თეირანი დგას.

„რასაც ვხედავთ, უახლოეს დროში აშშ-ის ძალების წინააღმდეგ რეგიონში უფრო დიდი ესკალაციის პერსპექტივაა – ირანის მხარდაჭერილი ძალებისა და საბოლოო ჯამში, ირანის მხრიდან. [..] ყოველთვის გვაქვს თავდაცვის უფლება და არ მოვერიდებით ძალის გამოყენებას, როცა საჭირო იქნება ჩვენი სამხედროების და ინტერესების დაცვა“, – ხაზი გაუსვა მან.


ვითარება ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიძაბა. ისრაელმა საპასუხოდ ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო. ამერიკული ბაზები ანტიისრაელურად განწყობილი დაჯგუფებებისთვის სამიზნე იმიტომ გახდა, რომ ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს ისრაელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი