ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს” – ბჟანია

25 ოქტომბერი, 2023 • 3982
“ზელენსკის ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება სურს” – ბჟანია

“ცხადია, ზელენსკისა და მის უკან მდგარ ძალებს სურთ კავკასიაში სამხედრო სიტუაციის პროვოცირება და ჩვენს რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის გაჩაღება”, – აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზურ მედიასთან საუბარში.

“უკრაინის ხელისუფლება ცდილობს გაზარდოს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფია და შექმნას “დესტაბილიზაციის სარტყელი” რუსეთის ფედერაციის გარშემო. თუმცა მათ არ აღელვებთ ის, რომ ომის შედეგად შეიძლება მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ”, – ამბობს ბჟანია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღწევია სრული საცეცხლე კონტროლისთვის ყირიმზე, მაგრამ ეს დროის საკითხია. ამის შესახებ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზე განაცხადა და ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც უკრაინას უკვე აქვს ყირიმის მიმართულებით.

„რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტისთვის, უფრო სწორად, მისი ნარჩენებისთვის, ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი