ახალი ამბები

17 დღე „ჰამასის“ ტყვეობაში — რას ჰყვება მძევლობიდან გათავისუფლებული ქალი

24 ოქტომბერი, 2023 • 7674
17 დღე „ჰამასის“ ტყვეობაში — რას ჰყვება მძევლობიდან გათავისუფლებული ქალი

85 წლის იოჩევედ ლიფშიცი, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ტყვეობიდან 23 ოქტომბერს, გვიან ღამით გაათავისუფლეს, საკუთარ ისტორიას მედიასთან ჰყვება. ქალის თქმით, „ჰამასის“ შეიარაღებულმა წევრებმა ერთ-ერთი კიბუც ნირ ოზიდან მოტოციკლეტით გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს.

ქალის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მთავრობა მილიარდობით ხარჯავს სასაზღვრო ღობისთვის, კონსტრუქციას ჰამასის დაჯგუფების წევრებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ისრაელის ტერიტორიაზე შესულიყვნენ.

„ჯოჯოხეთი გავიარე, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით, შემოიჭრნენ და არბევდნენ კიბუცს“, — იხსენებს იოჩევედ ლიფშიცი მომენტს, როცა გაიტაცეს.

როგორც ყოფილი ტყვე ამბობს, გამტაცებლებმა მას საათი და სამკაულები მოხსნეს და 24 ადამიანთან ერთად მიწისქვეშა გვირაბში ჩაიყვანეს, სადაც რამდენიმე კილომეტრი ფეხით იარა „რბილ, სველ მიწაზე“. ლიფშიცის თქმით, გამტაცებლები გზაში  ჯოხს ურტყამდნენ და ისეთ ტკივილს გრძნობდა, რომ ამის გამო სუნთქვაც კი უჭირდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ღაზაში მივიდნენ, იქ მყოფმა „მცველებმა“ უთხრეს, რომ  ყურანის სწამდათ და არაფერს დაუშავებდნენ.

ქალის თქმით, ორი-სამი საათის შემდეგ,იმავე კიბუციდან გატაცებული 5 ადამიანი სხვა ოთახში მოათავსეს, სადაც რამდენიმე „მცველი“, ექიმი და ექთანი იმყოფებოდა. მისი თქმით, ოთახში, რომელიც ღაზის ქვეშ, გვირაბში იყო მოწყობილი, სისუფთავე იყო და მძევლებს იატაკზე დადებულ ლეიბებზე ეძინათ. ლიფშიცის თქმით, ექიმი მათ სანახავად ყოველ ორ-სამ დღეში ერთხელ მიდიოდა. როგორც ის ამბობს, ერთ-ერთ მძევალს, რომელიც მოტოციკლეტით გატაცებისას მძიმედ დაშავდა, სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, ექთანს კი საჭიროების შემთხვევაში მათთვის წამლები მიჰქონდა.

„გამტაცებლებმა ყველა დეტალზე იზრუნეს“ ,— ამბობს ქალი და აღნიშნავს, რომ მცველებს შორის იყვნენ ქალებიც, რომლებიც ჰიგიენურ საშუალებებზე იყვნენ პასუხისმგებელი. გატაცებული ისრაელის მოქალაქის თქმით, ტყვეებს ყველსა და კიტრს აძლევდნენ საკვებად. ქალის თქმით, ეს იგივე საკვები იყო, რასაც ჰამასის წევრები თავადაც ჭამდნენ.

79 წლის ნურით კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი გუშინ, 23 ოქტომბერს, გაათავისუფლეს. მანამდე, 20 ოქტომბერს, ჰამასმა ასევე გაათავისუფლა ორი ტყვე, ამერიკის მოქალაქე დედა-შვილი — ჯუდით რაანანი და მისი 18 წლის გოგო ნატალი. მძევლების შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების განახლებული მონაცემებით, ამჟამად დადასტურებულია, რომ ჰამასს 222 ადამიანი ჰყავს ტყვეობაში.

7 ოქტომბერს 2 ათასზე მეტი ტერორისტი ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა, განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა. ტერორისტებმა, დაახლოებით, 200 ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი საჰაერო დაბომბვა დაიწყო. შედეგად, სექტორი, რომელსაც მთლიანად „ჰამასი“ აკონტროლებს, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. საერთაშორისო აქტორები — გაერო, ჰუმანიტარული ორგანიზაციები, აშშ — აქტიურად არიან ჩართული მოლაპარაკებებში, რათა ისრაელმა ბლოკადა შეამსუბუქოს და ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეშვება დაუშვას. ამ დროისათვის ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი