ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტი პოლიციის კრიტიკის შემდეგ დააპატიმრეს

24 ოქტომბერი, 2023 • 1221
აზერბაიჯანელი აქტივისტი პოლიციის კრიტიკის შემდეგ დააპატიმრეს

აზერბაიჯანელი აქტივისტი ზიაქა მირაგაევი ოთხი თვით დააპატიმრეს პოლიციის შესახებ ფეისბუკ პოსტის დაწერის შემდეგ, თუმცა ოფიციალურ ბრალდებად ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა წარუდგინეს.

“ყველა ბრალდება ეფუძნება პოლიციის მტკიცებას, რომ მირაგაევს თითქოს 22 გრამი ნარკოტიკი აღმოანჩდა.  თუმცა პოლიცია არაფერს ამბობს იმაზე, თუ სად და რა ვითარებაში აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება”, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

დაკავებული აქტივისტის ახლობლების ინფორმაციით, აქტივისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც ფეისბუკზე დაწერა ვრცელი პოსტი, სადაც აკრიტიკებდა პოლიციას და მას ხელისუფლების მოწინააღმდეთა დევნის, სადამსჯელო ორგანოს უწოდებდა.

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია ეროვნული ფრონტის ლიდერის ალი ქერიმლის განცხადებით, ყარაბაღში 19-20 სექტემბრის “ანტიტერორისტული ოპერაციის” შემდეგ აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. როგორც ქერიმლი აცხადებს, ყოველდღიურად აკავებენ პოლიტიკურ აქტივისტებს, მათ შორის, მათი პარტიიდან.

ორი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რამიდა ნაგიევა და აიატა ისმაილოვა, რომლებიც სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, პოლიციამ წვრილმანი ხულინობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

“ხელისუფლებას სურს, გამარჯვებული ერი მთლიანად დაიმონოს. არავის ეგონოს, რომ სიჩუმის მიუხედავად, რეპრესიებს გვერდს აუვლის. დაკავებული აქტივისტები საყოველთაო მხარდაჭერას საჭიროებენ, რეჟიმის კრიტიკა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ”, – წერს ქერიმლი ფეისბუკზე.

კოვიდ პანდემიის საბაბით აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ისევ არ ხსნის

აზერბაიჯანის ხელისუფლება უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი