ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ამბროლაურში მყოფებმა 24 ოქტომბრის დილას შეიტყვეს, რომ სამინისტროს წარმომადგენლები რაჭაში, ონში იმყოფებიან და მათთან ანუ პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრის ნაცვლად, 12 საათზე ხვდებიან მოსახლეობას, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა თავად კრებს. 

“აუდიტორია, ვისთანაც ეს შეხვედრა ტარდება, ჩვენთვის უცნობია. შეიძლება მართლაც ადგილობრივები იყვნენ, მაგრამ თავის ხალხს მოუყრიან თავს, რომლებიც კითხვებს ვერ დასვამენ და მერე გააშუქებენ, რომ თითქოს პროტესტთან მორიგება შედგა. არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციას. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ არანაირი ლეგიტიმაცია ამ შეხვედრას, რომელიც 12 საათზე უნდა გაიმართოს, არ აქვს. მოვუწოდებთ იმ ხალხს, ვინც ჩამოსულია სამინისტროდან, ნუ გაგვხდიან იაფფასიანი მანიპულაციის მონაწილედ. მოვიდნენ და შეგვხვდნენ აქ, როგორც გვქონდა დათქმა”, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობის გვერდიდან გავრცელებულ მიმართვაში.

გოლეთიანის თქმით, კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძის სიტყვებმა, რომ თუ მოხერხდებოდა, სამინისტროს წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებსაც შეხვდებოდნენ დღეს.

“ჩვენ “ც” არ ვართ. ასფალტზე ვიხოხეთ და რისი გაკეთება აღარ დაგვჭირდა, რომ ამ შეხვედრისთვის მიგვეღწია. ახლა ხვდებიან თავის აუდიტორიას და ეს უნდათ გაასაღონ, როგორც პროტესტის მხარე. წინასწარ არ მინდა უფრო მკაცრი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ არ გამოვა, რომ არ ვთქვა, ამ ხრიკით თავს არიდებენ საჯარო შეხვედრას. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ აქ ხალხი არ შეიკრიბოს. იმედს ვიტოვებ, რომ ამ მასკარადით არ დასრულდება ეს დღე. აქ ვართ კარავში და ველოდებით სამინისტროს ხალხს. მოგიწოდებთ, რომ არ გაბრუნდეთ უკან ისე, რომ ეს შეხვედრაც ჩაშალოთ. ნუ გადაგვადგმევინებენ ნაბიჯს უფრო მძიმე ქმედებებისკენ”, – აცხადებს გოლეთიანი.

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობა 27 სექტემბრიდან უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიისთვის 49-წლიან ლიცენზიის გადაცემას რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

19 ოქტომბერს ჩანიშნული შეხვედრა, რომელსაც პროტესტის მონაწილეთაგან 6 ადამიანი უნდა დასწრებოდა და ეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში გაეშვა, არ შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ეთერს არ დათანხმდნენ, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა პირდაპირი ეთერის გარეშე შეხვედრაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

21 ოქტომბერს სამინისტროს მიერ ლიცენზიის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ, სადაც სამინისტრომ გაამხილა, რომ ლიცენზიის გაუქმება გამორიცხული არ არის, პროტესტის მონაწილეებთან რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მივიდა. რწმუნებულმა აღუთქვა პროტესტის მონაწილეებს, რომ მიმდინარე კვირაში სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩაინიშნებოდა და პირდაპირ ეთერში გადაცემაზე პრობლემა აღარ შეიქმნებოდა.

“შოვის სტიქიამ ბევრი რამ შეცვალა. ბევრი რისკი წარმოაჩინა, რაც გასათვალისწინებელია. კარგ ამბებს მოისმენთ, მინდა წინასწარ გითხრათ”, – უთხრა ამ შეხვედროსას პაპუნა მარგველიძემ პროტესტის ლიდერებს.