ახალი ამბები

სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს

23 ოქტომბერი, 2023 • 1906
სკოლის აშენების მოთხოვნით თბილისში გზა გადაკეტეს

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მოქალაქეებმა გზა გადაკეტეს. პროტესტის ამ ფორმას მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა მიმართეს. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა 3 წლის წინ იმ პირობით დაანგრიეს, რომ ახალი შენობა აშენდებოდა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სკოლის არარსებობის პირობებში, შვილების ტარება უწევთ თემქაზე მდებარე სკოლაში:

„სამი წელია ბავშვები დაგვყავს თემქაზე და გვინდა, სკოლა აგვიშენონ. გვატყუებენ ყოველ წელს, რომ შენდება, მაგრამ არავინ ჩანს, არც აშენების პირი უჩანს და ამიტომ გავმართეთ აქცია” ,— ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ სკოლის აშენებაზე მყარ გარანტიებს არ მიიღებენ.

განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოცხადებულია ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. უწყებაში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობა ნოემბერში დაიწყება. კითხვაზე, უკვე შეთანხმებულია თუ არა პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურთან და გაცემულია თუ არა სამშენებლო ნებართვა, განათლების სამინისტროდან გვამისამართებენ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი