ახალი ამბები

ვერ შეიქმნება ვერანაირი ბორდი, თუ მენეჯმენტი მწკრივში ეწყობა კეზერაშვილთან — მელია

23 ოქტომბერი, 2023 • 961
ვერ შეიქმნება ვერანაირი ბორდი, თუ მენეჯმენტი მწკრივში ეწყობა კეზერაშვილთან — მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიაში ბორდის შექმნასა და მოლაპარაკებების საკითხზე აცხადებს, რომ „არ და ვერ იქნება იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა და ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მელია ხაზს უსვამს მერაბიშვილის და კეზერაშვილის „რეპუტაციულ პრობლემებს“, მათ „დრომოჭმულ და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებულ ხედვებს“ და ამბობს, რომ იქ, სადაც მათი გავლენაა, „ვერასოდეს მოვა გამარჯვება“.

„ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და „ჯანსაღ რჩევებზე“ აკითხავს პარტიის დირექტორ კეზერაშვილს. ერთიანობა ძალაა, თუ სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს ერთობა. მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. ხოლო ერთობა თუ ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება“, — წერს მელია Facebook-ში.

ნიკა მელია აცხადებს, რომ იქნება იმ ხალხთან ერთად, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება არის შესაძლებელი.

„გამოვიყენებ სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობის და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს, ერთადერთი პირობა კი ,რომელიც მე მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის არაფორმალური მმართველობის დასრულება პარტიაში, იმისთვის, რომ დავასრულოთ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში. სხვა ყველა შემთხვევაში, რა სახელიც არ უნდა ერქვას პლატფორმას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი“,  – აცხადებს მელია.

„რუსთავი 2-მა“ 22 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით ახალი ბორდი იქმნება. თავად ნიკა გვარამია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. მანამდე „ტვ პირველმა“ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას ენმ-ში მმართველი საბჭოს შექმნის ინიციატივა აქვს. ენმ-ის თავმჯდომარემ მაშინ გამორიცხა პარტიაში ბორდის შექმნა. თუმცა მოგვიანებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დაადასტურეს კონსუტლაციები „ერთგვარი სათათბიროს“ თუ საბჭოს შექმნის შესახებ. ლევან ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ მიესალმება კომიტეტის შექმნის იდეას, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი