უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, აშშ უკრაინას ამიერიდან სტაბილურად მიაწვდის შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ის ტიპის რაკეტებს, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.

უკრაინული ტელემარათონის ეთერში ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დადებითად უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა ATACMS-ების გადაცემა იმას, რომ უკრაინა ამ რაკეტებს დიდი რაოდენობით მომავალშიც მიიღებს.

კულებას თქმით, უკრაინისთვის ამ შეიარაღების გადაცემა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის ს მოლაპარაკებების შედეგია, რომელიც სექტემნრის ბოლოს გაიმართა.

„თუ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას სტრიქონებს მიღმა წაიკითხავთ, გაიგებთ, რომ მიღებულია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება… ამიტომ, მადლობას ვუხდით აშშ-ს შეთანხმების შესრულებისთვის“, – ამბობს მინისტრი.

კულებამ აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უკრაინა  300 კილომეტრის რადიუსში მოქმედ რაკეტებსაც მიიღებს. ATACMS, რომელიც კიევს ამ ეტაპზე გადასცეს, 165 კილომეტრის რადიუსში მოქმედებს. ისინი უკრაინამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოიყენა რუსეთის აეროდრომების დასაბომბად.