ახალი ამბები

უკრაინამ რუსული აეროდრომები დაბომბა და პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS

18 ოქტომბერი, 2023 •
უკრაინამ რუსული აეროდრომები დაბომბა და პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუჰანსკში რუსული ძალების აეროდრომები დაბომბეს. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებით, ოპერაცია „დრეგონფლაის“ შედეგად განადგურებულია რუსული ძალების ძვირადღირებული ტექნიკა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, სპეცოპერაციების ძალებმა მიიღეს ცნობები ამ აეროდრომებზე ტექნიკისა და ტყვია-წამლის მნიშვნელოვანი მარაგების არსებობის შესახებ, შეამოწმეს ინფორმაცია და დადასტურების შემდეგ, 16-17 ოქტომბრის ღამით ობიექტები დაბომბეს.

უკრაინული მხარის ცნობით, ოპერაციის შედეგად განადგურდა „სხვადასხვა მოდიფიკაციის ცხრა ვერტმფრენი, ტყვია-წამლის საწყობი, სპეცტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემა“, ასევე დაზიანებულია აეროდრომების ასაფრენი ბილიკები.

კიევი არ აზუსტებს, რა შეიარაღება გამოიყენა ოპერაციისთვის, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაციიდან მალევე განაცხადა ATACMS სისტემის გამოყენების შესახებ. რამდენიმე დასავლური მედიასაშუალების [„ბი-ბი-სი“, „როიტერსი“, „ვაშინგტონ პოსტი“] ცნობით, აეროდრომის დასაბომბად სწორედ ATACMS იყო გამოყენებული.

ამავე სარაკეტო სისტემის გამოყენების შესახებ იუწყებიან რუსული ტელეგრამ-არხები:

„დილა არამშვიდობისა. ღამით „ხახოლებმა“ [უკრაინელების დამამცირებელი სახელი] ATACMS-ის რაკეტებით დაბომბეს ჩვენი აეროდრომი, რომელზეც არმიის ავიაცია იყო. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ განმავლობაში, თუ ყველაზე სერიოზული არა. არის დანაკარგები ადამიანებისა და ტექნიკის მხრივ“, – წერს „ფაითერბომბერი“.

უკრაინა საკმაო ხანი სთხოვდა აშშ-ს ATACMS-ის გადაცემას, რომელსაც აქამდე მიღებულ იარაღთან შედარებით მოქმედების უფრო დიდი რადიუსი აქვს – 165 კილომეტრი. სარაკეტო სისტემის ერთეულის ღირებულება თითქმის 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი