ახალი ამბები

ენმ-ის მხარდამჭერები ჭორვილაში არ შეუშვეს

19 ოქტომბერი, 2023 • 1161
ენმ-ის მხარდამჭერები ჭორვილაში არ შეუშვეს

ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მათ კვერცხებს ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ინციდენტი სოფლის შესასვლელშივე მოხდა. მსვლელობის მონაწილეების განცხადებით, ამის შემდეგ პოლიციამ გზა გადაკეტა და სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

“მივედით სრულიად მშვიდობით,  ვესაუბრებოდით, რომ ჩვენ იქ ჩავედით განცხადების გასაკეთებლად და არა დაპირისპირებისთვის, არა არეულობისთვის. მათ თქვეს, რომ არა, თქვენ ჩამოხვედით იმისთვის, რომ აქ მოაწყოთ აქცია. რომ ვიკითხე – რატომ აქცია, მითხრეს, იმიტომ, რომ დროშებით ხართ ჩამოსულებიო. ეს ქნა “ქართულმა ოცნებამ”, რომ მოსახლეობისთვის საქართველოს და ევროკავშირის დროშა აქციასთან ასოცირდება და არა თავისუფლებასთან, არა ჩვენს ნათელ მომავალთან, არა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან”, – განაცხადა ენმ-ის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.

ადგილობრივები, რომლებიც მსვლელობის მონაწილეებს დახვდნენ, ამბობდნენ, რომ მათთვის შეურაცხმყოფელია სოფელში პოლიტიკური აქციის მოწყობა.

სოფო ჯაფარიძემ ჭორვილისკენ მსვლელობა ორი დღის წინ დააანონსა. მისი თქმით, მსვლელობის მიზანია ბიძინა ივანიშვილს შეახსენონ, რომ “ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი