ახალი ამბები

სოფო ჯაფარიძე 19 ოქტომბერს ჭორვილაში მსვლელობას აანონსებს

17 ოქტომბერი, 2023 • 1654
სოფო ჯაფარიძე 19 ოქტომბერს ჭორვილაში მსვლელობას აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელია, ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში აქციას აანონსებს.

სოფო ჯაფარიძის თქმით, აქციის მონაწილეები 11:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და ჭორვილაში ერთად მსვლელობით გაემართებიან.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია:

„დღეს ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველდღიურად გვაშორებს დემოკრატიისგან, რომელიც ღიად აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მეგობრებო, დროა გავასწოროთ სამიზნე და გავითავისოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ თავად რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები რუსებით ჩაანაცვლოს და ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი ჩვენი მოქალაქე მიდის ემიგრაციაში და რამდენი რუსი სახლდება ჩვენს ქვეყანაში“, — აცხადებს ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, ახლა ურთიერთბრალდებების დრო არაა და საჭიროა ივანიშვილს შეახსენონ, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას:

„დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის დეოლიგარქიზაცია, ანუ დებიძინიზაცია. ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, 11 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან ერთად დავიძრებით ჭორვილაში, სადაც აუცილებლად შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერ გაგვარუსებს და ჩვენს მოქალაქეებს ვეღარ გააქცევს ჩვენი ქვეყნიდან. დღეს არ არის დაყოფის დრო. ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები“, — ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი