შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას, არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნავთობზე სანქციები შეუმსუბუქა.
ბიბისის ცნობით, მას შემდეგ, რაც ვენესუელის მთავრობა და ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები მიადევნებენ თვალს, შეერთებული შტატები სამხრეთამერიკული ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიას სანქციებს უმსუბუქებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცემული ახალი ლიცენზია უფლებას აძლევს ვენესუელას, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აწარმოოს და გაიტანოს ნავთობი მის მიერვე შერჩეულ ბაზრებზე.
ვენესუელას დადასტურებულად აქვს ნავთობის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგი და აშშ-ის მხრიდან ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაზე სანქციების შემცირება გლობალურად არის ეკონომიკური სარგებლის მომტანი.
სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შემსუბუქებისთანავე, ხუთშაბათს, ნავთობის ფასი 2%-ით დაეცა. თუმცა ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ვენესუელის ნავთობის ზრდა, სავარაუდოდ, მყისიერად არ გამოიწვევს ფასების დაწევას, რაც მაღალ ნიშნულზე რჩება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო.
ვენესუელა 2019 წლიდან მკაცრი სანქციების ქვეშ ტრამპის ადმინისტრაციამ მოაქცია. 2018 წლის არჩევნებს, რომლის შედეგადაც ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ ნიკოლას მადურო გახდა, აშშ-მა „არალეგიტიმური“ უწოდა. სანქციების შედეგად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. როგორც ბიბისი წერს, შვიდ მილიონზე მეტი ვენესუელელი ემიგრაციაშია, მათგან ბევრმა აშშ-ს მიაშურა. შესაბამისად, ბიბისის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს თავისი ინტერესი, რომ ვენესუელაში კრიზისი დაიძლიოს.
არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებას ვენესუელის მთავრობასა და ოპოზიციას შორის სამშაბათს ბარბადოსში მოეწერა ხელი. შეთანხმება მოიცავს საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის წვდომას საზოგადოებრივ და კერძო მედიაზე, კანდიდატების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა რეესტრის განახლებას. მომდევნო არჩევნები ქვეყანაში მომავალი წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. არჩევნებთან დაკავშირებული შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, სანქციები ისევ აღდგება. საპროტესტო აქციების ჩახშობისა და დემოკრატიაზე უარის თქმის გამო დაწესებული სხვა სანქციები ძალაში რჩება.